რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება.
როგორც მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2024 წლისთვის ნ 200კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა დასრულდება.
„2021 წელს სამინისტროს ბიუჯეტი რეკორდულ 2,367 მილიონ ლარს შეადგენს. ამ რესურსის უდიდესი ნაწილი მოხმარდება საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას. ჩემთვის საამაყოა ის, რომ ვმუშაობთ გამორჩეული სირთულისა და მნიშვნელობის პროექტებზე - რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალებზე. რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დასრულების შემდეგ თბილისიდან ბათუმში 3,5 საათში ჩავალთ. აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები რიკოთის მაგისტრალის ჩუმათელეთი - ხევის, ხევი - უბისას, უბისა - შორაპანის და შორაპანი - არგვეთას მონაკვეთბზე. ასევე აქტიურად გაგრძელდება ბათუმის შემოვლითი გზის, სამტრედია - გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებლობა.
უკვე საქართველოშია ქვეშეთი-კობის 9 კმ გვირაბის 15 მ დიამეტრის საბურღი მოწყობილობა და გაზაფხულიდან ვიხილავთ ქვეშეთი - კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის პროცესს. 2024 წლისთვის ჩვენ დავასრულებთ 200კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, რაც სრულიად განსხვავებულ რეალობას შექმნის და ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან საერთაშორისო სტანდარტის გზებით დაგვაკავშირებს.
ბუნებრივია, საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობა სწრაფ რეგიონულ განვითარებას განაპირობებს. ახალი გზები რეგიონებში მეტ ტურისტს, მეტ ინვესტიციებს და დასაქმებას ნიშნავს. სწორად ამიტომ პანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი. მეტიც, ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად ვიწყებთ ახალ მასშტაბურ პროექტს - თბილისი - საგარეჯოს 35კმ-იანი ავტობანის მშენებლობას“,-აღნიშნა მაია ცქიტიშივლმა.
მისივე თქმით, სამინისტრო კვლავ ხელს შეუწყობს პროექტებში ქართული კომპანიების ჩართულობას.
„ვინაიდან თბილისი - საგარეჯოს ავტობანის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით და არა საერთაშორისო დონორების სახსრებით ფინანსდება, ქართულ კომპანიებს შეეძლებათ თბილისი - საგარეჯოს ავტობანის გარკვეული მონაკვეთების ტენდერში მონაწილეობის მიღება. ამავე მიდგომით ქუთაისის შემოვლითი გზის 4 ლოტიდან 3 ლოტის მშენებლობის ტენდერი სწორად ქართულმა კომპანიამ მოიგო. ამ გზით ვაძლევთ საშუალებას ქართულ კომპანიებს დაიგროვონ საჭირო გამოცდილება, რათა მომავალში შეძლონ და უკვე საერთაშორისო ტენდერებშიც კონკურენცია გაუწიონ უცხოურ კომპანიებს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.