მაია ცქიტიშვილი - დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამინისტროს მუშაობის შედეგი თვალსაჩინოა

დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამინისტროს მუშაობის შედეგი თვალსაჩინოა. შევძელით მნიშვნელოვანი პროექტების შესრულება და ეფექტურად ვმართეთ პროექტები პანდემიის პირობებშიც კი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2020 წლის განმავლობაში დასრულდა 6 000 პროექტი, რომლებშიც დასაქმებული იყო 31 000 ადამიანი და 1 300 კომპანია.

„ყველასათვის რთული 2020 წლის განმავლობაში, არ შეჩერებულა არცერთი სისტემური პროექტი და მეტიც, გამოიძებნა რესურსი 2021 წელს სამინისტროს დაფინანსების გასაზრდელად. პროექტების რაოდენობის და ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, აღარ არსებობს აუთვისებლობის პრობლემა და ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება. ყველა ეს შედეგი სამინისტროს გუნდის, ადგილობრივ თვითმმართველობებში ჩვენი პარტნიორების დაუღალავი შრომის, ახლებური მიდგომების დანერგვისა და გატარებული ღონისძიებების შედეგია, და დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა ყველა ამ ადამიანს მადლობა გადავუხადო.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა აღმოფხვრილია. აქტიურად გვაქვს სამუშაო ისეთი კომპონენტების დახვეწაზე, როგორიცაა პროექტების მართვის და შესრულებული საპროექტო თუ სამშენებლო სამუშაოს ხარისხი, მათ შორის მცირე ზომის პროექტებშიც. დასახვეწია პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია და ინფრასტრუქტურის განვითარების განხილვა რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ჭრილში. ბუნებრივია, ამ პროცესში გვაქვს თქვენთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი და თქვენი მხარდაჭერის იმედი“,-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.