"ერთიანი ნარჩენების მართვის პროგრამის ფარგლებში რეგიონული ნაგავსაყრელების პრინციპზე გადავდივართ"

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ერთიანი ნარჩენების მართვის პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში 7 ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება.

მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ნარჩენების მართვა ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხია.

" ჩვენ ვოპერირებთ 54 ნაგავსაყრელს, აქედან 24 დაიხურა, რადგანაც არ შეესაბამებოდა არანაირ სტანდარტს. 30 ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია მოხერხდა,თუმცა, ეს არის დროებითი გამოსავალი, ვინაიდან, ჩვენ ერთიანი ნარჩენების მართვის პროგრამის ფარგლებში რეგიონული ნაგავსაყრელების პრინციპზე გადავდივართ. ამ პროექტების განხორციელება მიმდინარეობს სხვადასხვა დინამიკით და ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარების დახმარებაც დაგვჭირდება იმისთვის,რომ მოსახლეობასთან უფრო აქტიურად ვიმუშაოთ, რადგანაც სამწუხაროდ, სამეზობლოდ არავის უნდა ჰქონდეს ნაგავსაყრელი და შესაბამისად უშუალოდ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, მოსახლეობასთან დიალოგი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, ბუნებრივია ეს არის ჩვენი ერთ-ერთი არჩეული გზა, ვალდებულება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.

ჩვენ ვგეგმავთ შავი ზღვის, გურიის სანაპიროზე უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ ნარჩენების პრობლემის მოგვარებაში, რისთვისაც დამატებითი ინვესტიციები გვაქვს დაგეგმილი, როგორც სპეციალური ტექნიკისთვის, ასევე დამატებით ადამიანური რესურსებისთვის, რათა მუნიციპალიტეტს დავეხმაროთ იქ არსებული პრობლემის მოგვარებაში. ეს იქნება დროებითი და შემდგომში ისევ მუნიციპალიტეტი გააგრძელებს მისი კომპეტენციის შესრულებას", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.