საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93,2%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ დენს

2021 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93,2%-ით გაიზარდა. იმპორტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 20-იანვრიდან გაჩერებული ენგურჰესია. ენგურჰესზე კი ელექტროენერგიის გენერაციის დაახლოებით 30% მოდის.

„ელექტრონული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ქვეყანამ მთლიანად 414.095 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 214.260 მლნ კვტ-სთ. 2021 წლის იანვარში იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 63,3% რუსეთზე მოდის. გასულ თვეს რუსეთში საქართველომ 262.315 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია იყიდა.

ამასთან, 2021 წლის იანვარში დენის იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდანაც, ჯამში 151.779 მლნ კვტ-სთ.

რაც შეეხება 2020 წელს, შარშან საქართველოში მთლიანად 1610.1 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, სადაც აზერბაიჯანის წილი იყო - 726.3 მლნ კვტ-სთ, რუსეთის - 570.6 მლნ კვტ-სთ და თურქეთის - 313.1 მლნ კვტ-სთ.