9 წელი და წასული მე-5 პრემიერი - რა ქონებით ტოვებს გახარია პოსტს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ გახარიამ განცხადება რამდენიმე საათის წინ გააკეთა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

2020 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარია უძრავ/მოძრავ ქონებას არ ფლობს. მისმა შემოსავალმა, პრემიერის პოსტზე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში 12 854 ლარი; ხოლო იქამდე შს მინისტრის პოსტზე - 41 986 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე 99 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს მსუბუქ ავტომობილს - ტოიოტა RAV4-ს, რომელიც 2016 წელს აქვს შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 1 161 ლარი; 553 396 დოლარი და 393 ევრო ჰქონდა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე 10 175 ლარი შეადგინა. ასევე მისმა წლიურმა გასავალმა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე - 6 500 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, გიორგი გახარია 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იკავებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას; 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე - ვიცე-პრემიერი იყო; 2019 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი; 2019 წლის 8 სექტემბერს კი საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობა გამოუცხადა.

თაია არდოტელი