სომხეთში მოსახლეობის ვაქცინაცია AstraZeneca-ს, Pfizer-სა და Sputnik V-ის ვაქცინების გამოყენებით დაიწყება

სომხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია AstraZeneca-ს, Pfizer-სა და Sputnik V-ის ვაქცინების გამოყენებით დაიწყება, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ანაიტ ავანესიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია, სავარაუდოდ მარტში დაიწყება და რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს უფასოდ აცრიან.

„მცირე რაოდენობით ვაქცინები სომხეთში უკვე გამოყენებულია, კერძოდ, რამდენიმე ადამიანი Sputnik V- ით აიცრა, რომელიც რუსეთიდან საჩუქრად მოვიღეთ. უახლოეს მომავალში სომხეთი მეტ დოზას მიიღებს და შესაძლებელი გახდება ვაქცინაციის დაწყება უფრო ფართო საზოგადოებრივი წრეებისთვის. რისკის ჯგუფში შემავალი მოქალაქეები ვაქცინას უფასოდ მიიღებენ, რაც შეეხება ვაქცინის ფასს სხვა მოქალაქეებისთვის, ეს ჯერჯერობით უცნობია”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობა მხოლოდ იმ ვაქცინების იმპორტს განახორციელებს, რომლებმაც კლინიკური კვლევების მესამე ეტაპი წარმატებით გაიარეს.

„ჯერჯერობით, პროფესიულმა კომისიამ, ექსპერტებმა მხოლოდ AstraZeneca-ს, Pfizer-სა და რუსული Sputnik V-ს ვაქცინების გამოყენება განიხილეს. სომხეთის მიერ იმპორტირებული ვაქცინების რაოდენობა რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ ღირებულებაზე და იმაზე, თუ რა თანხის გადახდა შეუძლია სახელმწიფოს,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.