ჯერ მინისტრად დაბრუნებული, ახლა კი პრემიერობის კანდიდატი - როგორია ირაკლი ღარიბაშვილის ფინანსური მდგომარეობა

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, რამდენიმე საათშივე „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

რაც შეეხება გახარიას წასვლას, როგორც მან განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ცნობისთვის, მთავრობაში მეორედ მობრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერად წარდგენამდე მთავრობის კაბინეტში თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წელს დატოვა, 2019 წელს კი თავდაცვის მინისტრად დაბრუნდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ღარიბაშვილი. მან ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 30 ოქტომბერს შეავსო.

როგორც მის მიერ შევსებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, თავდაცვის მინისტრი ფლობს: 121,8 კვ.მ ბინას და 16 კვ.მ ავტოფარეხს თბილისში, რაშიც 2009 წელს ჯამში 110 000 ლარი გადაიხადა. ასევე, 2011 წელს შეძენილ 170 კვ.მ და 159 კვ.მ ბინებს, 38 კვ.მ და 11 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართებს თბილისში, მოსეშვილის ქუჩაზე, რომელთა ჯამური ღირებულება 432 700 ლარს შეადგენს. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა აუდი A8 (გამოშვების წელი 2019), რაშიც 75 620 ევრო გადაიხადა.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების საკუთრებას, ირაკლი ღარიბაშილის მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილის სახელზეა 1530 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს სასესხო ხელშეკრულებით 76 500 აშშ დოლარად შეიძინა. ასევე, ნუნუ თამაზაშვილის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა RANGE ROVER VELAR (გამოშვების წელი 2018), რომლის ღირებულება 46 000 ევროს შეადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილი ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა, „ქართუ ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე - 2333 ლარს; საბარათე ანგარიშზე - 1029,95 ლარს, 26,17 აშშ დოლარს, 131,51 ლარს და 29 აშშ დოლარს. ხოლო დანაზოგის სახით, 40 000 ლარს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშილს თავდაცვის მინისტრის პოსტზე, 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით აღებული აქვს 19 102 ლარი.

ხოლო, 2019 წლის იანვრიდან, გასული წლის აგვისტოს ჩათვლით შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველის პოსტზე - 240 776 ლარი.