პოლიტიკაში მინისტრად დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი, ახლა მეორედ უკვე პრემიერ-მინისტრად მოდის.
თავის დროზე, პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილი თავის შემცვლელად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა, 2015 წელს კი მისი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ივანიშვილი იყო. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ყველა სწორედ ამაზე საუბრობდა.
ირაკლი თარიბაშვილი მთავრობას 2 წლისა და 1 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ის პრემიერ-მინისტრად 2013 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა, თანამდებობა კი 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა. ამ პერიოდის განმავლობაში ლარი გაუფასურდა, უმუშევრობა შემცირდა, საგარეო ვალი გაიზარდა, მშპ შემცირდა და ა.შ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორ შეიცვალა ეკონომიკური მაჩვენებლები ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში.
ეროვნული ვალუტა
2013 წლის 20 ნოემბერს, მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, ერთი ამერიკული დოლარი 1,67 ლარი ღირდა, 2015 წლის 23 დეკემბერს კი, როდესაც თანამდებობა დატოვა, ერთი დოლარი 2,40 ლარი იყო. ანუ ღარიბაშვილის მმართველობისას ლარი დოლართან მიმართებით 73 პუნქტით, ანუ 43,7%-ით გაუფასურდა. (აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ იმ წლებში რეგიონის სხვა ვალუტებიც გაუფასურდა და ფაქტობრივად, იყო სავალუტო კრიზისი).
მშპ
2015 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 0,3%-ით გაიზარდა, წლიურმა ზრდამ კი 2,8% შეადგინა. რაც შეეხება წლის მთლიან მონაცემს, 2015 წელს მშპ მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, 2013 წელს კი საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 3,6% იყო.
FDI
2013 წელს საქართველოში 1,039 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა. 2015 წელს კი, მაშინ, როდესაც ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა, ქვეყანაში 1,728 მლრდ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
საგარეო ვალი
გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში მთავრობამ საგარეო ვალიც გაზარდა. კერძოდ, თუ 2013 წლის ნოემბერში სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა შეადგენდა 4,202 მლრდ დოლარს, 2015 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 4,314 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
უმუშევრობა
ღარიბაშვილის პრემიერობისას შემცირდა ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი. უფრო კონკრეტულად, თუ 2013 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე იყო 26,4%, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 21,9%-მდე შემცირდა.
ფასების ზრდა
2013 წლის ნოემბერში ინფლაცია 0,5%-ს შეადგენდა, 2015 წლის დეკემბერში კი ფასები 0,6%-ით შემცირდა.
სიღარიბე
2013 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 26,2% იყო, 2015 წელს კი 21,6%. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს საარსებო შემწეობას 449 331 ადამიანი იღებდა, 2015 წლის დეკემბერში კი 389 650 ადამიანი.
სოფლის მეურნეობა
2013 წელთან შედარებით შემცირდა სოფლის მეურნეობის წილი მთლიან მშპ-ში. თუ 2013 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 9,6%-ს, 2015 წელს 8,8%-მდე დავიდა.
(წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; სტატისტიკის ეროვნული სამსახური; სოციალური მომსახურების სააგენტო)