კიდევ ერთი ბიზნესმენი პოლიტიკაში - როგორია ცეზარ ჩოჩელის ფინანსური მდგომარეობა

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მანდატებზე უარს ამბობენ და მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედიან, მათ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ.

მმართველი გუნდის მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ან დეკლარაციები უნდა შეავსონ ან ჯარიმა გადაიხადონ, რომელიც 1000 ლარს შეადგენს. რიგი ოპოზიციონერების განცხადებით, ისინი დეკლარაციის შევსებას არ აპირებენ, თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა დეკლარაცია უკვე შეავსო, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში არ შესულა.

ერთ-ერთი, ვინც ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა „პროგრესი და თავისუფლების" ერთ-ერთი ლიდერი ცეზარ ჩოჩელია. ჩოჩელების სახელთან საქართველოში რამდენიმე ბიზნესი ასოცირდება. მათ შორის ერთ-ერთი პირველი არის „ქართული ლუდის კომპანია“ (ზედაზენი), რომლის დამფუძნებლებიც არიან.

როგორც 2021 წლის 11 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ჩოჩელის სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი, Lexus Lx570, რომელიც 2011 წელს ჰქონდა შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 65 956 დოლარი, 468 175 ევრო და 339 318 ლარი ჰქონდა. ამასთან, ცეზარ ჩოჩელი არის შპს „მიქსორის“42,5%-იანი წილის მფლობელი.

რაც შეეხება მის ოჯახს, მეუღლე ფლობს ბინასა და 2 მიწის ნაკვეთს თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი - Toyota RAV4. ამასთან, ფლობს სს „კედარის“ აქციებს. მასვე საბანკო ანგარიშებზე - 25 000 ლარი და 103 500 დოლარი ჰქონდა; შვილებს კი - 39 400 დოლარი და 13 500 დოლარი და 1 660 ევრო ჰქონდათ. ამასთან, ერთ-ერთი შვილი არის სს „ჩოჩელი ინდუსტრიული ჯგუფის“ აქციონერი.