„ის, რაც გიორგი გახარიამ ვერ დაასრულა, სწორედ აქ აქვს ახალ პრემიერს გასაკეთებელი ბევრი რამ“ - რას ურჩევს პაპაშვილი ახალ პრემიერს

"ზოგადად კრიტიკული ვარ, მაგრამ ვერ ვიხსენებ მასზე ვერაფერ ცუდს“- ასე შეაფასა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა.

ბიზნესმენმა, ყოფილი პრემიერის მუშაობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბევრად მეტი აქვს გასაკეთებელი ახალ პრემიერს.

,,ჯამში, გახარიას პრემიერობა ნორმალური იყო. ვიმუშავეთ ნორმალურად, ბევრად მეტია გასაკეთებელი და იმედია, ახალი პრემიერი გაართმევს თავს. ირაკლი ღარიბაშვილთან მუშაობის გამოცდილება გვაქვს და ნამდვილად არის კარგი პოტენციალი, ახალი ძალისხმევით შეუდგეს საქმეს. გახარიას პრემიერობას მაინც თან სდევდა 20 ივნისის შემდეგ პოლიტიკური ბატალიები და აუცილებელია, ეს დაწყნარდეს. ხელისუფლებას უნდა მიეცეს საშუალება გამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელიც პანდემიამ შექმნა.

კარგად მახსენდება ღარიბაშვილის პრემიერობა. ზუსტად ორ თემაზე გვქონდა შეხვედრა და ორივე დადებითად და სწრაფად გადაწყდა. ზოგადად კრიტიკული ვარ, მაგრამ ვერ ვიხსენებ მასზე ვერაფერ ცუდს. მხოლოდ კარგი გამახსენდა, როცა შევიტყვე, რომ პრემიერად დაასახელეს“-განაცხადა პაპაშვილმა.

მისივე თქმით, ახალ პრემიერს უნდა მიეცეს საშუალება, წარადგინოს გრძელვადიანი გეგმები ყველა სექტორის განვითარებისათვის.

„ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე სექტორში. ჰორეკა ბიზნესში, რომელიც ერთი წელია სრულად გაჩერებულია. ასევე ოფისის გაქირავებები 20-25%-ით დავარდა. ერთადერთი რაც არ შეჩერებულა და კარგად ვმუშაობთ, სოფლის მეურნეობაა. ის, რაც გიორგი გახარიამ ვერ დაასრულა, სწორედ აქ აქვს ახალ პრემიერს გასაკეთებელი ბევრი რამ. რძე-მჟავა პროდუქტების დღგ-სგან განთავისუფლება, რაზეც მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მოახერხა, სინამდვილეში ვერ მოხერხდა ვერც მის და ვერც გახარიას დროს. არადა, ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი გენოფონდისთვის ჯანმრთელი თაობა რომ წამოვიდეს და ხარისხიანი რძის პროდუქტების კულტურა შევქმნათ ამ ქვეყანაში. ძალიან დაბალია ინდუსტრიული რძის მაჩვენებელი, დაახლოებით 6-7%-ია. ყველა მეზობელი ქვეყანა გვისწრებს ამ კუთხით, ევროპაზე რომ არაფერი ვთქვათ.

თუ ამის საშუალება მიეცა და პოლიტიკური ბატალიები დაწყნარდება, გრძელვადიანი 10-წლიანი პოლიტიკა მაინც უნდა გვქონდეს ყველა მიმართულებით“, - განუცხადა პაპაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსს“

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ, პრემიერის პოსტი გუშინ მოულოდნელად დატოვა, თუმცა მმართველმა გუნდმა, გუშინვე წარადგინა პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი. ის, ერთხელ უკვე იკავებდა ამ პოსტს 2013-2015 წლებში.

თამარ მუკბანიანი