„შოკისმომგვრელი იყო - ბიზნესი ასეთ გაურკვევლობაში როგორც დღესაა, ბევრი წელია არ ყოფილა“

„შოკისმომგვრელი იყო. ძალიან დიდი გაურკვევლობა გვაქვს,“ - ასე ეხმაურება დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გიორგი გახარიას განცხადებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ.

„იმის ნაცვლად, ჩვენი გონება ჩართული იყოს იმაზე თუ ბიზნესი როგორ განვავითაროთ, ნახევარ დროს ვკარგავთ ამ პროცესებზე და ვართ დაზაფრულები, ხვალ რამე ისეთი ხომ არ მოხდება. ბიზნესი ასეთ გაურკვევლობაში როგორც დღესაა, ბევრი წელია არ ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში რატომ მოხდა ეს? ეს შესაძლოა, ძალიან დამაზიანებელი იყოს კერძო სექტორისთვის. ვემიჯნები ბიზნეს სექტორის იმ წარმომადგენლებს, ვინც ამბობს - მოდით გავმიჯნოთ ბიზნესი და პოლიტიკა. ვერ ვმიჯნავთ. როგორ გავმიჯნოოთ დღეს ბიზნესი და პოლიტიკა, მითხარით.

ყველა მოლაპარაკება, შეთანხმება რაც აქამდე ბიზნესს ჰქონდა გახარიასთან, ახლა ჰაერშია. ჯერ არ ვიცით, რაზე გვაქვს საუბარი, არ ვიცით, ვის უნდა ველაპარაკოთ. გიორგი გახარიას ხედვა ბიზნესისადმი კიდევ სულ სხვა იყო. იმედის ნაპერწკალი ყოველთვის გვქონდა, რომ სწორად გაიგებდა. ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მის ენაზე მოლაპარაკე დახვდეს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ღარიბაშვილთან არ მქონია შეხვედრა, ბიზნეს მიმართულებით მასთან შეხება არავის ჰქონია. მაგრამ არ მგონია მასთან ისევე გამარტივდეს, როგორც გახარიასთან, ან მის წინამორბედებთან იყო.

ბიზნესს სათხოვარი არაფერი არა აქვს. პირველ რიგში გვჭირდება ვიცოდეთ და ვიყოთ გარკვეული ზოგადად რა იქნება. პირდაპირ გეუბნებით თუ პოლიტიკური დესტაბილიზაცია იქნება ქვეყანაში და ეს დუღილის ტემპერატურა არ დაცხრება, არ ვიცი რაზე უნდა ვისაუბროთ, ვის რა უნდა ველაპარაკოთ. ახლა იმის დრო კი არაა, რომ ჩასაფრებული ვიყოთ ვინმე დავიჭიროთ, ვინმე ქვეყნიდან გავაგდოთ და ა.შ. ქვეყნის ბედი კიდია ბეწვზე და აქედან ვეუბნები მთავრობასაც და ოპოზიციასაც - თქვენი არჩევანია. ჩვენ ხომ ჩვენი ეკონომიკა არ გვაქვს, ჩვენი ფული არ გვაქვს, სესხი გვაქვს აღებული და ხვალ შეიძლება ქვეყანაში მოხდეს დეფოლტი,“-განაცხადა ჭყონიამ.

თაია არდოტელი