ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის ზუსტი თარიღი უცნობია. თუმცა ცნობილია მიზეზი, რის გამოც წარმოება ჯერ ისევ ვერ დაიწყო - ეს კორონავირუსი და მისგან გამოწვეული შეფერხებებია.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,აი ფროდაქშენის“ გენერალური დირექტორი გიორგი ფურელიანი აცხადებს, კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროსგან კონტრაქტის გადავადებაზე თანხმობა უკვე მიიღო.
,,ჩვენ, სამინისტროსაგან უკვე მივიღეთ თანხმობა კონტრაქტის გადავადებაზე. დღეის მდგომარეობით, მიწის სამუშაოების პროექტირებაც დასრულებულია. როგორც არქიტექტურული ნახაზები, ასევე პროექტირებაც. საწარმოო ხაზიც სრულადაა ქუთაისში ჩამოსული და დასაწყობებული. პირველადი სამუშაოები, რაც არის ქარხნის ტერიტორიის შემოღობვა, კომუნიკაციების მიყვანა, ასეთი საკითხები შესრულებულია მთლიანად. როცა ეს სამუშაოები დამთავრდა, ამას დაემთხვა პანდემია და ამან გაგვაჩერა.
კონკრეტულად, პირველ ეტაპზე პანდემიამ ძირითადი პრობლემა პარტნიორ ქვეყანას - ჩინეთს შეუქმნა, შემდეგ კოვიდი გახდა უფრო მასშტაბური და მოგვიწია სამშენებლო სამუშაოების შეჩერება. გაჩერდა ყველაფერი, როგორც ჩვენი, ასევე ჩინეთის მხრიდანაც.
ამ ეტაპზე სამუშაოები მეტწილად შიდა პროექტირების კუთხით მიმდინარეობს. იგივე უსაფრთხოების საკითხზე, საინჟინრო პროექტირება, შიდა ენერგეტიკული პროექტები გაყვანილობების და ა.შ. სხვა სამუშაოები. იმედი გვაქვს, რომ მალე განახლდება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებიც. წარმოების ზუსტ ვადებზე და თარიღებზე საუბარი არ ეტაპზე არ შემიძლია.
არსებული შეთანხმება კვლავ ძალაშია, რა თქმა უნდა, თუ მოხერხდება დათქმულ ვადაში (ახლა უკვე 2022 წელი) მშენებლობის დასრულება და ავტომობილების ჩაშვება. ვიმეორებ, ზუსტ თარიღზე საუბარი ახლა არ შემიძლია“, - განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს“ ,,აი ფროდაქშენის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა.
ცნობისთვის, ქუთაისში პირველი ელექტრომობილის წარმოება 2020 წლის აგვისტოს უნდა დაწყებულიყო.