საქართველოში ფეიხოას ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდი მოხსნა - როგორია პროდუქტის პერსპექტივები

2020 წელს საქართველოდან ფეიხოას ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. მეტიც, East fruit-ის ანალიტიკოსების ინფორმაციით, პროდუქტიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდი მოხსნა. კერძოდ, გასულ წელს, წინა წელთან შედარებით ფეიხოას ექსპორტი 37%-ით გაიზარდა და 449 ტონას (350 ათას აშშ დოლარი) მიაღწია.

ამასთან, საქართველოსთვის გაყიდვების მთავარ ბაზრად კვლავ უკრაინა რჩება, სადაც ექსპორტი 14%-ით გაიზარდა და საბოლოო ჯამში, პროდუქტის 60% გავიდა.

ამავდროულად, ფეიხოას ექსპორტი ყველაზე მნიშვნელოვნად რუსეთში გაიზარდა, რომელიც ამ ეგზოტიკურ ხილს საქართველოსგან ფაქტობრივად, არ ყიდულობდა. 2020 წელს კი ქართული ფეიხოას გაყიდვების ბაზრებს შორის რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა. მან 109 ტონა შეიძინა. ამრიგად, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ფეიხოას მარაგების მოცულობა წელიწადში თითქმის, 9-ჯერ გაიზარდა.

სამაგიეროდ, ქართული ფეიხოას ექსპორტი 2020 წელს სომხეთში 45% -ით შემცირდა, რაც კონკურენციის გაზრდის გამო მოხდა.

საქართველოში ფეიხოა ყველაზე პოპულარული სამეგრელოშია, სადაც ეს პროდუქტი თითქმის ყველა ოჯახს მოჰყავს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ზვიად ბობოყაშვილის თქმით, 2020 წელს საქართველოში ფეიხოას მოსავლის ფართობებმა 360-400 ჰექტარს მიაღწია. ამავე დროს, ფერმერები აგრძელებენ წარმოების ზრდას, რადგან ფეიხოა კარგი შემოსავლის წყაროა. ეს ხილი პოპულარულია არა მხოლოდ ექსპორტიორებში, არამედ დიდი მოთხოვნაა საქართველოს შიდა ბაზარზეც.

ექსპერტების აზრით, თუ საქართველოში ფეიხოას მოსავლიანობის გაუმჯობესება მოხდება, სრულიად შესაძლებელია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის ბაზრებიდან საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღოს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფეიხოას წარმოება კომერციული მიზნებისთვის ზოგადად მსოფლიოშიც იშვიათია. მისი მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორი ახალი ზელანდიაა. ასევე, ფეიხოას შედარებით მცირე რაოდენობით აწარმოებენ ავსტრიაში, აშშ-ში, სიცილიასა და პორტუგალიაში.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფეიხოაზე განსაკუთრეული მოთხოვნა ევროპასა და შეერთებულ შტატებშია. ამიტომ, სასურველი იქნება, რომ ქართველი ფერმერები უფრო სერიოზულად მოეკიდონ ამ კულტურის მოყვანას. მათი თქმით, წარმოების ზრდით, შემნახავი, გაგრილებისა და გადამამუშავებელი სისტემების მოწყობით, შესაძლოა, ფეიხოა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული საექსპორტო პროდუქტი გახდეს.

ფეიხოა არის სუბტროპიკული კულტურა, რომელიც უფრო მეტადაა ადაპტირებული საქართველოს კლიმატურ პირობებთან, ვიდრე ციტრუსები. მას შედარებით ხანგრძლივი ზრდა ახასიათებს. კერძოდ, მწვანდება 4-5-ე წელს, ხოლო ნაყოფს იძლევა 8-10 წელში. ბუჩქის საშუალო მოსავლიანობა 15-18 კგ-ს შეადგენს. თუმცა, არსებობს ჯიშები, რომელიც 22-30 კგ მოსავალსაც იძლევა. ერთ ჰექტარზე საშულო მოსავლიანობა კი 15-20 ტონას შეადგენს.

ფეიხოა შედარებით ნაკლებ მგრძნობიარეა მავნებლების მიმართ. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია მისი ბიო წარმოებაც.

აღნიშნული კულტურა მდიდარია ვიტამინებით და შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, რის გამოც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ფეიხოას ასევე იყენებენ, მურაბების, კომპოტების, ლიმონათის და სხვა პროდუქტების დასამზადებლად.

რაც შეეხება თავად მცენარეს, ყვავილობისა და ლამაზი ფოთლების გამო ხშირად გამოიყენება დეკორატიული მიზნებისთვისაც.

ნინი ქეთელაური