Azimut Yachts-ს ქართულმა წარმომადგენლობამ, პანდემიის პირობებში საქართველოში ჯამურად 10 იახტა გაყიდა, აქედან 3 მეორე ლოქდაუნის დროს. ცნობისათვის, კომპანიამ 2019 წელს საქართველოში მხოლოდ 2 იახტა გაიყიდა.
Azimut Yachts-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ გაყიდული იახტების ფასი მფლობელებისვე სურვილით კონფიდენციალურია.
,,მეორე ლოქდაუნის პირობებში, საქართველოში კიდევ სამი იახტა გაიყიდა. პირველი ლოქდაუნდან შემოდგომამდე კი 7 იახტა. თვის ბოლოდან დავიწყებთ, ამ ახალი გაყიდული იახტების შემოყვანას.
ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ყველა გაყიდული იახტა დიდი, სტაციონარული ტიპისაა. 2 და 3-სართულიანები. ახალი გაყიდული იახტები უშუალოდ Azimut Yachts-ს ეკუთნის ყველა. ფასები თავად მომხმარებლების გადაწყვეტილებით კონფიდენციალურია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მყიდველი საქართველოს მოქალაქეა“, -განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.
მისივე თქმით, კომპანიას 2021 წელს ძალიან დიდი გეგმები აქვს: „გამოწვევები და რეალიზაცია პანდემიის დროს გაორმაგდა, რაც გვაკვირვებს და გვახარებს. მაქსიმალურად ვეცდებით ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს და წელს, კიდევ მეტად დახვეწილ გაქირავების სერვისს შევთავაზებთ მომხმარებლებს. ჩვენივე კომპანია შემოიყვანს ბრენდის ერთ-ერთ ბესტსელერს, რომელიც ასევე ჩარტერულ გაქირავებებზე იმუშავებს“, -აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, ,,Azimut Yachts” იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში უკვე მესამე წელია არსებობს. იტალიაში აწყობილი იახტები კომპანიას საქართველოში ჩამოაქვს და რეალიზაციას ახდენს. რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიის წარმომადგენელი რამდენიმე თვის წინ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, საქართველოში გაყიდული იახტების ღირებულება 130 ათასი დოლარიდან 1 მლნ დოლარამდე მერყეობს.