ვისოლ ჯგუფმა რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრი,  "ფოთი მოლი" გახსნა

"ვისოლ ჯგუფის" შვილობილმა კომპანია “MP Development” -მა ქ. ფოთში სავაჭრო ცენტრი „ფოთი მოლი“ გახსნა.

როგორც "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ, აღნიშნა, ეს „ვისოლ ჯგუფის“ რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრია, სადაც 150-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

„ზოგადად სავაჭრო ცენტრების მშენებლობა ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „ფოთი მოლი“ - არის ჩვენი რიგით მეექვსე სავაჭრო ცენტრი. ის ფაქტი, რომ ეს მოლი ქ. ფოთში გაიხსნა განსაკუთრებულად გვახარებს, რადგან იგი პირველი სავაჭრო ცენტრია ქ. ფოთისთვის და ამ ფაქტს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. ამ სავაჭრო ცენტრის გახსნით შეიქმნა საკმაოდ თანამედროვე და კარგი სივრცე. ვფიქრობთ, შენობაც საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა“ - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

"ფოთი მოლში" რამდენიმე ცნობილი ბრენდია წარმოდგენილი, მათ შორისაა „ვისოლ ჯგუფის“ პარტნიორი კომპანია „კარფური“. როგორც სოსო ფხაკაძემ განმარტა, ამ ეტაპზე დამატებით რამდენიმე სხვა ცნობილ ბრენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

151969473-427231125223016-1596911846338049158-n-1613740584.jpg

"ფოთი მოლი" ქალაქის ცენტრში მდებარეობს და 3000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სავაჭრო ცენტრში კი სავაჭრო ფართები ორ სართულზეა განთავსებული.

"განსაკუთრებით რეგიონებში სხვადასხვა ტიპის ბიზნესების განვითარება, ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ბიზნეს კომპანია ვითარდება რეგიონებში და ყველას მოვუწოდებ, რომ ჩვენი ქვეყნის რეგიონალური განვითარების პერსპექტივებით კიდევ უფრო მეტად დავინტერესდეთ.“ - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

"ფოთი მოლის" პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს, "ვისოლ ჯგუფი" რიგით მე-7 სავაჭრო ცენტრს ქ. რუსთავში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გახსნის, სადაც შენობის საერთო ფართი 20. 000 კვადრატული მეტრი იქნება.

„რაც შეეხება ქ. ფოთს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავაკვირდებით სავაჭრო ცენტრის მუშაობას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას როდის შევიდეთ ამ ქალაქში ჩვენს ჯგუფში შემავალი სხვა ბრენდებითაც “ - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

(R)