რა შემოსავალი აქვს ექსპორტიდან და ადგილობრივი რეალიზაციიდან ერთ-ერთი მსხვილ  საწარმოს საქართველოში

გორის საკონსერვო ქარხანა „კულამ“ ერთ-ერთი საწარმოა, რომელმაც 2019 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, კომპანია მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ მისი აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდეა; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე.

ამასთან, ფინანსური ანგარიშგების თანახმად, საწარმოს 2019 წლის მოგება და მთლიანი სრული შემოსავალი- 285 ათასი ლარი; ხოლო შემოსავალი რეალიზაციიდან - 10,439 მლნ ლარი იყო. მათ შორის შემოსავალი ადგილობრივი რეალიზაციიდან - 7,914 მლნ ლარი; ხოლო ექსპორტიდან - 2,525 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება, რეალიზაციის თვითღირებულებას 2019 წელს ეს მაჩვენებელი- 7,848 მლნ ლარი იყო. გარდა ამისა, საწარმო 2019 წლის ბოლოს 10,881 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა.

როგორც ანგარიშგებაშია მითითებული, კომპანიის საბოლოო ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი პირი ივანე გოგლიძეა. საწარმოს ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა საკონსერვო პროდუქტების, უალკოჰოლო სასმელების, საწებლების, ტყემლების, ჯემების და სხვა მსგავსი საკვები პროდუქტების წარმოება და მათი საბითუმო რეალიზაცია საქართველოში და საზღვარგარეთ.

თაია არდოტელი