ბიტკოინის კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს, შედეგად კი, მისი კაპიტალზაიცია ტრილიონ დოლარს უახლოვდება. CoinDesk-ის მონაცემებით, თბილისის დროით 16:45 საათზე ბიტკოინის ფასმა 52 682 დოლარი შეადგინა, რაც წინა სესიის დახურვის დროს დაფიქსირებულ ფასზე 1,2%-ით მეტია.

ბიტკოინის კაპიტალზიაცია 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე 440 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი და CoinMarketCap-ის მონაცემებით, ამ დროისთვის 979,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან, Bloomberg-ის მიერ აღრიცხვადი 4 კრიპტოვალუტის ინდექსის - Galaxy Crypto Index-ის მონაცემებით, ბიტკოინის კაპიტალიზაცია მხოლოდ წელს ორჯერაა გაზრდილი.

ბიტკოინის ღირებულების ასეთი მძლავრი ზრდა განპირობებულია მზარდი ინტერესით ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან, ასევე, იმ კომპანიებისგან, რომლებიც განიხილავენ ამ კრიპტოვალუტას როგორც ინსტრუმენტს, ინფლაციური რისკების ჰეჯირებისთვის.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც შეეძლო ბიტკოინის ნახტომის გამოწვევა ეს არის - ინვესტორების შიში, ხელიდან გაუშვან ბაზრის ზრდაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ცნობისთვის, ამ თვეში Tesla-მ განაცხადა, რომ შეიძინა 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი. ბიზნეს-ანალიტიკის სფეროში მომუშავე კომპანიამ MicroStrategy-მ კი განაცხადა, რომ აპირებს 900 მილიონის ღირებულების კონვერტირებადი ბონდების გაყიდვას, რათა მოიზიდოს სახსრები ბიტკოინებში ინვესტირებისთვის.

კოკა კვირკველია