დაარღვია თუ არა „ჯორჯიან მანგანეზმა“ ე.წ. ტრესტის შენობის რეაბილიტაციისას კანონი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტება

რამდენიმე დღეა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ შენობასთან დაკავშირებით, ხმაურიანი განცხადებები კეთდება. სამოქალაქო აქტივისტების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ შენობის სარემონტო სამუშაოებს კანონდარღვევით აწარმოებს. მათი მოსაზრებით, სანამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ობიექტს არ შეისწავლის, ინვენტარიზაციას არ ჩაატარებს და სარემონტო არეალებს არ განსაზღვრავს, მანამდე სამუშაოები არ უნდა ჩატარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტები მიმდინარე პროცესში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჩართვას ითხოვენ, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერჯერობით არ აქვს მინიჭებული და შესაბამისად, სააგენტო ამ ეტაპზე უფლებამოსილი არ არის, ჩაერიოს „ჯორჯიან მანგანეზის“ კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში.

საინტერესოა, როგორია რეალური ვითარება: არღვევს თუ არა კომპანია კანონს და გვაქვს თუ არა საქმე ისტორიული მემკვიდრეობის ხელყოფასთან.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კომპანიას სრული უფლება ჰქონდა, ეწარმოებინა ჩატარებული სამუშაოები და ეს პროცესი არ საჭიროებდა სააგენტოს ჩართულობას. გარდა ამისა, სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამუშაოები შენობის სტრუქტურის გაჯანსაღებას ემსახურებოდა.

„ის ქმედებები, რომლებიც, კომპანიის დაკვეთით, არქიტექტურული ნაგებობის ცალკეულ არეალებზე განხორციელდა, მოიცავდა მიმდინარე გადაუდებელ საჭიროებებს. მოქმედი ნორმატივების თანახმად, კომპანიას ევალებოდა, სამშენებლო ჩარევების შესახებ სათანადო პროექტი შეეთანხმებინა მუნიციპალური არქიტექტურის სამსახურის დონეზე. ვინაიდან აღნიშნული ნაგებობა არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელ შენობას და ის მხოლოდ იმყოფება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში, ამ ეტაპზე და ამ სამუშაოების გათვალისწინებით, სარეაბილიტაციო პროექტის შეთანხმება არ წარმოადგენდა აუცილებლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახურთან. სამომავლოდ, თუკი ამ არქიტექტურულ ნაგებობას მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, მისი სარეაბილიტაციო პროექტის შეთანხმების პროცესი უშუალოდ გაივლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურბანული საბჭოს სექციის დონეს და სარეაბილიტაციო პროექტი შეთანხმდება სააგენტოსთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ძეგლის ვიზუალური იერსახე მოცემული სამუშაოების შედეგად არ შეცვლილა არც არქიტექტურულ და არც ვიზუალურ ნაწილში - იგულისხმება ნაგებობის ფასადების ფერისა და კოლონების საკითხი - ეს სამუშაოები საპროექტო შეთანხმებას არ საჭიროებდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. ეროვნული სააგენტო თვლის, რომ ამ შემთხვევაში, ეს სამუშაოები ემსახურებოდა ძეგლის სტრუქტურის გაჯანსაღებას და ჩვენი შეფასებით, არ მოიცავდა მისი ვიზუალური იერსახის ცვლილებას.“ - აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ სამუშაოებსა და მის მიმდინარე ეტაპებს შემდეგნაირად განმარტავენ:

„ამ ეტაპზე თანხმდება ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციული შენობის ექსტერიერის და გადახურვის პროექტი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მიღებული გვაქვს ნებართვა, რომ სარემონტო სამუშაოების პროექტის შეთანხმებამდე ჩავატაროთ ფასადის გასუფთავების სამუშაოები.

შენობა ცუდ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს. იმისათვის, რომ შემდეგ აღდგენითი სამუშაოების ჩატარება შევძლოთ, აუცილებელია, პირველ რიგში, ძველი ნალესი და საღებავი მოიხსნას. როდესაც შენობის თაღზე საღებავის აფხეკა დავიწყეთ, სინესტისგან და წყლისგან დაბერილი კოლონები და არა მხოლოდ კოლონები იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ნალესი თავისით ჩამოიშალა. თუკი ძველ ნალესს არ მოაშორებ, მაშინ ახლიდან შელესვას და შეღევბას აზრი ეკარგება.

151969475-913500742821845-3725305899013055752-n-1613748308.jpg

მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის შედეგად, შენარჩუნდება შენობის ისტორიული იერსახე, თავისი ჩუქურთმებით, რიკულებით, შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის გეგმებითა და თქვენ წარმოიდგინეთ, ფერებითაც კი. ფასადის ფერიც შეთანხმებული იქნება შესაბამის სტრუქტურებთან,“- განმარტავს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი, „ჯმ-კონსტრაქშენის“ დირექტორი შალვა ელიზბარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კოლონები უკვე აღადგინეს და შეფუთეს. როგორც ირკვევა, ფასადის გაწმენდის სამუშოები ნამდვილად იყო შეთანხმებული მუნიციპალიტეტის მერიასთან და ის ხელს ვერ შეუშლის სამომავლოდ შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესს.

როგორც ჭიათურის მერიის მთავარი არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ბიწაძემ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ფასადზე არსებითი ცვლილება არ მოხდება.

„არსებითად, საერთოდ არ იცვლება ფასადის მდგომარეობა. უბრალოდ, ჩამოიფხიკება ძველი ნალესი, შეიფითხება და შეიღებება. ფერი შესაბამის სამსახურებთან შეთანხმდება. ფასადზე რაიმე სხვა ცვლილება გამორიცხულია. რაც არის ამჟამინდელი სახე, იგივე დარჩება.“ - განმარტა დავით ბიწაძემ.

151582562-238740581223369-169945767346949517-n-1613748291.png

როგორც ცნობილია, კომპანიამ ცოტა ხნის გააკეთა განცხადება, რომ ე.წ. ტრესტის შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნება, რომლის პრეზენტაციაც 4 მარტს იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ, ცენტრის შექნის შესახებ პირველი ინფორმაციის გავრცელებისთანავე „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ადგილობრივი ტელევიზიით გააჟღერა ინიციატივა და გამოთქვა სურვილი, რომ კომპანიას სურს, ე.წ. ტრესტის შენობას, მისი ისტორიული ღირებულებებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.