პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა წიაღის რეფორმაზე, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანაში ხორციელდება ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და საინვესტიციოდ ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით. ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია ლიცენზიის სახეობების დივერსიფიცირებაზე, ზედამხედველობის სისტემის დახვეწაზე, ლიცენზიანტების სოციალური პასუხისმგებლობის უნიფიცირებაზე და სხვა.
„ამ თვალსაზრისით, ვგეგმავთ უფრო აქტიურად შევთავაზოთ ბიზნესს ჩვენი წიაღისეული. იგეგმება 50 საბადოს ახალი პაკეტის გამოტანა და მათ საპრივატიზებო პაკეტთან ერთად შევთავაზებთ ბიზნესს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, წიაღის რეფორმა გულისხმობს წიაღის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტეგრირებული სალიცენზიო სისტემის დანერგვა, გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, ფისკალური რეჟიმის განახლება, ასევე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და რისკების შეფასებაზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის შექმნა.