ვფიქრობთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან გასულ წლებში უკვე არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება დაგვეხმარება მთავრობასა და ბიზნესს შორის შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის წარმართვაში,- ასე აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს წარდგენას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს ბიზნესსა და მთავრობას შორის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას, რათა დაძლეულ იქნეს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები.
„ვფიქრობთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან გასულ წლებში უკვე არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება დაგვეხმარება მთავრობასა და ბიზნეს შორის შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის წარმართვაში, რაც წაადგება ბიზნესის განვითარებასა და ქვეყანაში დამატებითი ღირებულების შექმნას.
ასევე ვფიქრობთ, რომ მჭიდრო, კონსტრუქციული თანამშრომლობითა და დიალოგით შევძლებთ ბიზნესის მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს. უაღრესად მნიშვნელოვანია განხორციელდეს ეკონომიკაში დღეს არსებული გამოწვევებისა და რისკების პროფესიული და ოპერატიული მართვა, მოკლე ვადაში მოიხსნას დარჩენილი შეზღუდვები და დაჩქარდეს ის რეფორმები, რაც ეკონომიკის რეაბილიტაციისათვის სასიცოცხლოა პანდემიით გამოწვეული პრობლემების ფონზე.
პანდემიის გამო დღეს ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. კერძოდ, მსგავსს ვითარებაში ყველაზე მეტად არის საჭირო სწრაფი, დროული და ეკონომიკის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება. პანდემიის შედეგად დამდგარ ეკონომიკურ გამოწვევებზე საპასუხოდ დამატებითი დინამიკის შეტანაა საჭირო გადაწყვეტილებების მიღების ტემპებში.
ნებისმიერი ოდენობის ყოველი ახალი ინვესტიცია, ყოველი ახალი სამუშაო ადგილი დღეს კიდევ უფრო ღირებული და მნიშვნელოვანია ვიდრე ეს იყო პანდემიამდე არსებულ პერიოდში.
დასასრულს, აუცილებელია, რომ ბიზნესმა და ხელისუფლებამ შევძლოთ და განსაკუთრებულ გამოწვევებს დავუპირისპიროთ ჩვენი გაერთიანებული ძალისხმევა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პანდემიამდელ ტემპებამდე აღდგენისა და შემდგომი ზრდისათვის",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.