„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა განმტკიცდეს, ახალი ობიექტები აშენდეს და საქართველო ამ მხრივ იყოს დამოუკიდებელი, ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში ზოგადად ენერგეტიკის სფერო ძალიან ცხარე კამათის საგანია, განსაკუთრებით, მსხვილი ჰესების მშენებლობა. თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში მთლიანად, ყველა ენერგეტიკული ობიექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე არის დაახლოებით 4500 მეტავატი და აქედან 70%, ანუ 3100 მეგავატი აშენებულია საბჭოთა კავშირის პერიოდში.
ნათია თურნავას განცხადებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახალი ობიექტები უნდა აშენდეს, და საქართველო ამ მხრივ უნდა იყოს დამოუკიდებელი, ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავაც მოსახლეობასთან კომუნიკაციით, რა თქმა უნდა, ინვესტორებზე ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრებით გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას, ისე, რომ გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგეს და რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამ კუთხით შესრულებული იყოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.