ივანე მაჭავარიანი - სამწუხაროდ, გვაქვს მაღალდოლარიზებული ეკონიმიკა და ეს დღემდე გვიქმნის პრობლემას

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ვალუტის კურსის სტაბილურობას ხელს ყველაზე უფრო როგორც სახელმწიფო ვალის, ისე კერძო კომპანიების მაღალი ხარისხის დოლარიზება უშლის.

როგორც მან პარლამენტში, 5 გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, დედოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს ფრთხილი, ზომიერი და დროში გაწერილი. მკვეთრი ნაბიჯები საფრთხილოა.

"ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ვალი საგანაგაშო ნიშანულს უახლოვდება. რატომ ვნერვიულობთ?- იმიტომ, რომ დოლარიზებულია. ჩვენი ვალი იმდენად არის პრობლემა, რამდენადაც დოლარიზებულია. სრულად ადგილობრივი ვალი რომ იყოს, 60% კი არა 160%-იც არ იქნებოდა პრობლემა. 260% აქვს იაპონიას. გქონდეს საკუთარი სუვერენული ვალუტა და ასეთი მაღალი ხარისხის დოლარიზაცია, არაბუნებრივია. რად გინდა მაშინ ვალუტა?! ეს ვალუტა იმიტომ გინდა, რომ შენ გქონდეს მოქნილობა, შენს ვალუტაში გამოშვებული ვალი გაცილებით, თვისობრივად განსხვავებულ მაკროეკონომიკურ სურათს იძლევა. შესაბამისად, ჩვენი გეგმაც იყო, რომ ნელ-ნელა მოგვეხდინა დოლარიზებული ვალის ადგილობრივი გამოშვებებით ჩანაცვლება. წელს გვექნება ნულოვანი გამოშვება, თუმცა სამომავლოდ ეს გზა უალტერნატივოა. იმიტომ მერყეობს კურსი, რომ მაღალი დოლარიზება გვაქვს. დედოლარიზაცია უფრო რბილი ზომებით სჯობს, ვიდრე მკვეთრი და აგრესული ნაბიჯებით, ჩვენ ამის ოპტიმიზაციას ვცდილობთ. სამწუხაროდ, გვაქვს მაღალდოლარიზებული ეკონიმიკა და ეს დღემდე გვიქმნის პრობლემას", - განაცხადა მაჭავარიანმა.