24 500 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

24 500 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 24 500 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.

კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.