რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს გულისხმობს, როგორც სკოლების, ასევე ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი თქმით, 2020 წელს დასრულდა 20 ახალი სკოლის და 17 საბავშვო ბაღის მშენებლობა. 2021 წელს დასრულდება 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის და ეტაპობრივად 2022 წლამდე დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 16 ათასი ბენეფიციარისთვის.
როგორც მან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დევნილთა პრობლემებს, მათ ნაწილს შესაბამისი საცხოვრისები უკვე გადაეცათ, დასრულდა და კიდევ პროცესშია 1820 ოჯახისთვის შესაბამისი საცხოვრებლების აშენება, რომელიც ეტაპობრივად 2021-2022 წლებში დასრულდება.
,,ეს შედგები, ეს გეგმები არ არის ერთი კონკრეტული სამინისტროს მიღწევა, ეს არის ყველას ერთიანი ძალისხმევა. პარლამენტში ვიმყოფებით და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას და რა თქმა უნდა ყველა ფორმატში თანამშრომლობას. ეს არის უზარმაზარი ძალისხმევა ადგილობრივი თვითმართველობების, ჩვენი კოლეგა სამინისტროების, ერთად ვაკეთებთ ჩვენ ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა ცალკე აღნიშვნის ღირსი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ბევრი ის შედეგი და ბევრი უმნიშნელოვანესი საუკუნის და ისტორიული პროექტი შეიძლება გვიან გაგვეხორციელებინა და დრო ნამდვილად კრიტიკულია ამ კუთხით“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.