„სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის მიმართებით აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა კომიტეტებს, ვინც მოკვლევა აწარმოა ამ საკითხთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ დასკვნების გათვალისწინებით მუშაობა მიდის ორი მიმართულებით.
„ერთი - ეს არის სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მათი კორპორატიზაცია და შესაძლებლობა, რომ მეტად დამოუკიდებელნი იყვნენ ფინანსურად და დამოუკიდებლად მოიძიონ დაფინანსება, მათ შორის, რეფორმირებულ კაპიტალის ბაზარზე, მაგრამ ეს არის რამდენიმე სტრატეგიული საწარმო და დანარჩენი სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც უნდა განკერძოვდეს და ჩვენ ამ აქტიური ახალი პრივატიზაციის პოლიტიკის შედეგად, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე, სულ მცირე, 50 სახელმწიფო საწარმო იქნება შეთავაზებული პრივატიზების პროცესში კერძო ბიზნესისთვის. კერძოდ, უახლოეს პერიოდში პირველ ათ საწარმოს შევთავაზებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გაიყიდება წელსვე, მაგრამ ეს იქნება ძალიან საინტერესო შეთავაზება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.