მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - გაერთიანებულმა სამეფომ განვითარებად ქვეყნებს ვაქცინები ახლავე უნდა გადასცეს და არა ჭარბი რაოდენობის დაგროვების შემდეგ

გაერთიანებულ სამეფოს ურჩევნია, ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს ახლავე აჩუქოს, ვიდრე დაელოდოს იმ დროს, როდესაც ჭარბი რაოდენობა დაუგროვდება, - ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახალმა ხელმძღვანელმა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მდიდარი ქვეყნების ინტერესებში შედის ის, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანა ჭარბი მარაგის უმეტესობას ღარიბ ქვეყნებს გადასცემს.

ნგოზი ოკონჯო-ივეალამ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს ეს ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა სჯობს, თუ ამას ქვეყანა ახლავე გააკეთებს.

„არ ვფიქრობ, რომ ჭარბი რაოდენობის დაგროვებას უნდა დაველოდოთ. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი დონაცია ახლავე უნდა განხორციელდეს. მიზეზი ძალიან მარტივია: როგორც მდიდარი, ასევე ღარიბი ქვეყნების ინტერესებშია, რომ ვაქცინებზე სამართლიანი წვდომა ჰქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ქვეყანა წაგებული დარჩება“, - აღნიშნა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ.

შეგახსენებთ, გუშინ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებით თანამშრომლობას გააძლიერებენ. ისინი Covax-ის პროგრამისთვის დაფინანსების გაზრდაზეც შეთანხმდნენ.