პანდემიის დასამარცხებლად დამატებით  რამდენიმე მილიარდი დოლარია საჭირო - ბილ გეითსი

კორონავირუსის პანდემიაზე გამარჯვება მიღწევადი გახდება დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციის შედეგად , ასევე ქვეყნებსა და კომპანიებს შორის შეთანხმებული მუშაობის შედეგად.

ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე პანდემიის დასასრულებლად არ გადაიდგა პრევენციული ზომები, შედეგად კი მსოფლიო ეკონომიკა მილიარდობით ზარალს ხედავს.

„ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიციები - საუბარი არაა ბევრ მილიარდზე, არამედ რამდენიმეზე, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეს არასდროს განმეორდება“ - განაცხადა მან.

გეითსმა განმარტა, რომ ინვესტიციები საჭიროა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინების საწარმოების ასაშენებლად, რაც შესაძლებელს გახდიდა ამ ვაქცინაზე თანაბარ წვდომას. მან ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო კორპორაციების თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ამის კარგი მაგალითია Pfizer და BioNTech-ის თანამშრომლობა" - განმარტა მან. გარდა ამისა მისი აზრით, აუცილებელია ქვეყნების ხელისუფლებების თანამშრომლობა, რათა ისინი იყვნენ მეტად მომზადებულები სამომავლოდ ამ ტიპის პანდემიებთან ბრძოლისთვის.

ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა გეითსი არიან საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლები, რომელიც მუშაობს საშიშ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით, განვითარებად ქვეყნებში, ასევე ჯანდაცვისა და განათლების განვითარების კუთხით შტატებში. ამ ფონდიდან ასობით მილიონი დოლარი გამოიყო კორონავირუსის ვაქცინაზე სამუშაოდ და ასევე მოსახლეობის ღარიბი ფენის მხარდასაჭერად, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი არიან პანდემიის დროს.

კოკა კვირკველია