ევროკომისია შვედურ-ბრიტანულ კომპანიას AstraZeneca-ს 870 მილიონ ევროს გადაუხდის 300 მილიონი დოზა ვაქცინისთვის. ამის შესახებ იტალიური პრესა ექსკლუზიურად წერს. კონტრაქტის დეტალების თანახმად, რომელიც ტელეკომპანია RAI-ის ჩაუვარდა ხელთ, ევროკავშირმა უკვე მიწოდებამდე გადაუხადა AstraZeneca-ს 336 მილიონი ევრო. კავშირის წევრ ქვეყნებს კი დამატებით 534 მილიონის გადახდა მოუწევთ, მას შემდეგ რაც კომპანია შეკვეთას შეასრულებს. აღნიშნული თანხა დაფარავს ვაქცინის მომზადებისა და წარმოების ყველა ეტაპს, მათ შორის ნედლეულის ღირებულებას და ვაქცინის რეგისტრაციის ხარჯებსაც ევროპის წამლის სააგენტოში.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ვაქცინის თითო დოზის ღირებულება 2,9 ევროა. ამასთან 1,12 ევროს იხდის ევროკავშირის ბიუჯეტი, ხოლო 1,78 ევროს ვაქცინის მიმღები ქვეყნები. თუმცა, ასეთი არაკომერციული ფასი იმოქმედებს მხოლოდ 2021 წლის ივლისამდე, რის შემდეგაც ფარმაცევტულ კომპანიას ფასის გაზრდა შეუძლია.
ცნობისთვის, AstraZeneca-სთან კონტრაქტს ევროკავშირმა გასული წლის 27 აგვისტოს მოაწერა ხელი. კონტრაქტით კავშირი იღებდა 300 მილიონ დოზას, დამატებით 100 მილიონის შესყიდვის შესაძლებლობით. პირველად ნავარაუდევი იყო, რომ პირველ 30-80 მილიონ დოზას ევროკავშირი მიიღებდა 2020 წლის ბოლომდე, თუმცა, ვადები არ იქნა დაცული სერტიფიცირების დაგვიანების გამო. მიწოდების კალენდრის მიხედვით იანვარში ევროკავშირს უნდა მიეღო 40 მილიონი დოზა, 30 მილიონი თებერვალში, 20 მილიონი მარტში, 80 მილიონი აპრილში, 40 მილიონი მაისში და 60 მილიონი ივნისში. 300 მილიონი დოზის მიწოდება სრულად უნდა მომხდარიყო მიმდინარე წლის პირველი ნახევრის დასრულებისთვის. ამასთან, კონტრაქტში არ არის გაწერილი არანაირი ჯარიმა ვადების დარღვევისთვის, თუმცა ევროკავშირს აქვს უფლება გაწყვიტოს კონტრაქტი. ამავდროულად ყველა ხარჯი „გვერდითი ეფექტის“ შემთხვევაში, შემკვეთის მხრებზე რჩება.
AstraZeneca-ს ვაქცინების ეფექტიანობა შეფასებულია 85%-ით. ამასთან, მისი მიღება თავიდან რეკომენდირებული იყო 55 წლამდე პირთათვის, თუმცა, შემდეგ ეს ასაკი გაიზარდა 65 წლამდე, მაგრამ რეკომენდირებულია, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ სერიოზული დაავადებების მატარებელი.