ივანე მაჭავარიანი - ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ნაკლებეფექტურ და ზოგ შემთხვევაში წამგებიან პროექტებზე დავხარჯოთ ფული

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ნაკლებეფექტურ და ზოგ შემთხვევაში წამგებიან პროექტებზე დავხარჯოთ ფული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ივანე მაჭავარიანმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

„მაკროეკონომიკური სტაბილურობა ის ძირითადი საფუძველი და პლატფორმაა, რაზეც შეიძლება აშენდეს ნებისმიერი სხვა ინიციატივა.

კონკრეტული პროგრამები, მხარდაჭერა, ინვესტიციების მოზიდვის უამრავი პროგრამა და ინიციატივა იქნება, თუმცა, უნდა დაშენდეს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. თუ ეს საფუძველი არ იქნა მყარი, დამერწმუნეთ, ყველა სხვა ინიციატივა ფუჭი, წყალში გადაყრილი იქნება.

საბოლოო ჯამში, ინვესტორები უყურებენ რამდენად მდგრადია ქვეყანა იმ მოწყვლადობების მიმართ, რომელიც, სამწუხაროდ, ამ პერიოდმა მოგვიტანა.

მაკროეკონომიკური სტაბილურობა ნიშნავს ვალის თანდათანობით შემცირებას, დეფიციტის შემცირების საშუალებას, საბიუჯეტო ხარჯების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას“,-აცხადებს მაჭავარიანი.