ცნობილი ადგილები პლანეტაზე, რომლებსაც უახლოეს მომავალში ჩაძირვა ემუქრებათ

გლობალური დათბობის შედეგად ზღვის დონის მატება XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რომელიც მილიონობით ადამიანს შეუქმნის საფრთხეს.

გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი კოლეგიის (IPCC) კვლევის მიხედვით, 2050 წლამდე ზღვის დონის მატების გამო სანაპირო ზოლის დატოვება და გადასახლება პლანეტის მასშტაბით 300 მილიონ ადამიანს მოუწევს, 2100 წლამდე კი 600 მილიონს.

გამოცემა Euronews-ის ინფორმაციით, საუკუნის ბოლომდე დატბორვა ემუქრება ისეთ ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს, რომლებსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.

ვენეცია, იტალია

ალბათ, ყველას სმენია, რომ ვენეცია თანდათან წყალში იძირება. თუმცა ზღვის დონის მატება ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

Euronews-ის ინფორმაციით, 2050 წლისთვის ქალაქში ძლიერი წყალდიდობები დაახლოებით ყოველ 5 წელიწადში ერთხელ მოხდება, 2100 წლისთვის კი მათი რიცხვი კიდევ უფრო გახშირდება და ქალაქი ყოველწლიურად მილიონობით დოლარის ზარალს მიიღებს.

მალდივის კუნძულები

მალდივის კუნძულები დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ და საინტერესო ტურისტულ მიმართულებად ითვლება, რომელიც პანდემიის დროსაც კი ღიაა.

თუმცა, კუნძულების უმეტესობა ზღვის დონიდან სულ რაღაც 1 მეტრის სიმაღლეზე იმყოფება.

გაეროს კვლევის მიხედვით, 2100 წლისთვის კუნძულების ¾ წყლის ქვეშ აღმოჩნდება.

ნიუ-იორკი, აშშ

2100 წლისთვის ნიუ-იორკთან ახლოს ზღვის დონე 1.8 მეტრით აიწევს, რაც ქალაქში მცხოვრებ ათასობით ადამიანს საფრთხეს შეუქმნის. სტიქია განსაკუთრებით ბრუკლინსა და ქვინსში მცხოვრებ ადამიანებს შეუქმნის საფრთხეს.

დატბორვის გამო გადასახლება რამდენიმე მილიონ ადამიანს მოუწევს.

ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, სადაც პანდემიამდე წელიწადში სულ მცირე 56 მილიონი ტურისტი ჩადიოდა.

2100 წლისთვის ქალაქში წყლის დონე 0.6-დან 1.3 მეტრამდე მოიმატებს, რაც ზღვასთან ახლოს მცხოვრებ 8.4 მილიონ ადამიანს საფრთხეს შეუქმნის.

დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

1970-იანი წლებიდან მოყოლებული დუბაიში უამრავი პროექტი განხორციელდა და ქალაქი ტურისტებისათვის საკმაოდ მიმზიდველი გახდა.

თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითების მსგავსად დუბაიც ძალიან ახლოს მდებარეობს ზღვასთან.

2100 წლამდე წყლის დონე სავარაუდოდ 3 მეტრით გაიზრდება, რაც ქალაქის დიდი ნაწილის დატბორვას გამოიწვევს.

ბექა ბერიაშვილი