სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს საკუთარ სამუშაო ადგილზე მივლინება დაუფინანსა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის და სახელშეკრულებო პირობების შესრულების 2017-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომელშიც სხვა ხარვეზებთან ერთად დაუსაბუთებელ სამივლინებო ანაზღაურებაზეა საუბარი. კერძოდ, ფონდმა სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერთა ჯგუფის მივლინებაზე აბასთუმნის ობსერვატორიაში 20 055 ლარი დახარჯა სასტუმროსა და დღიური ნორმის ხარჯებზე. მაშინ, როდესაც ობსერვატორიას აღნიშნულ პირებზე სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს საცხოვრებელი ბინები ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში.
„მივლინებული პირები იმყოფებოდნენ 30 კმ-მდე მანძილზე, საიდანაც შესაძლებელი იყო სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
ამასთან, აუდიტის სამსახური ფუნდამენტური კვლევების კონკურსში შემზღუდველ საკონკურსო პირობებსა და არათანაბარ მიდგომაზე მიუთითებს. ანგარიშის თანახმად, ფონდის მიერ შემუშავებული რეგულაციები არ არის შესაბამისობაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან. აღნიშნულის შედეგად, მხოლოდ 2018 წელს, ფუნდამენტური და გამოყენებითი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, პირველივე ეტაპიდან მოიხსნა 45 საგრანტო პროექტი.