მნიშვნელოვანია, რომ 1-ელ მარტს კერძო ბაღების ფუნქციონირების აღდგენა მოხდეს - კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გავიმიჯნოთ საჯარო ბაღებისგან, - ამის შესახებ საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის" ხელმძღვანელმა გიგი სისვაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ 1-ელ მარტს კერძო ბაღების ფუნქციონირება არ აღდგება, ბაღები დაუმორჩილებლობას მიმართავენ.
„კერძო ბაღების სიტუაცია ძალიან მძიმეა, მთავრობა დუმს. უკვე წელიწადია ფუნქციონირება გვაქვს შეწყვეტილი. ეკონომიკურ რგოლში ფაქტობრივად, ყველაზე ბოლოს ვიხსნებით. გადაწყვეტილების მიღების დროს გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება საჯარო ბაღებთან მიმართებაში კერძო ბაღების საკითხის განხილვა, რაც არის არასწორი და ამ მიმართულებით მინდა მივმართო უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს და ეპიდემიოლოგებს, რომ ამ სეგმენტს ნუ გააიგივებენ ერთ სინდიკატად, რადგან ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და არ ვექვემდებარებით არც ბაღების სააგენტოს და არც ჩვენი საქმიანობა მიესადაგება საჯარო ბაღების ფუნქციონირებას, მასშტაბურად ისინი გაცილებით დიდები არიან, ვიდრე ჩვენი სექტორი. შესაბამისად, არასწორად მიგვაჩნია, რომ გახსნის შემთხვევაში განგვიხილონ საჯარო ბაღებთან მიმართებაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკა მოვიძიეთ კოვიდმართვასთან დაკავშირებით და ჩვენი ინსტრუქცია შევიმუშავეთ და დავადგინეთ და უფრო გავამკაცრეთ პირობები, ვიდრე კოვიდმართვასთან დაკავშირებით დღეს არსებობს. გვინდა, რომ ეს ინსტრუქცია შევათანხმოთ ეკონომიკის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ჩვენ ვექვემდებარებით ეკონომიკის სამინისტროს და არა ბაღების სააგენტოს ან განათლების სამინისტროს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1-ელ მარტს მოხდეს ფუნქციონირების აღდგენა. კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გავიმიჯნოთ საჯარო ბაღებისგან და საბაბი არ იყოს ის, რომ თუ არ ვხსნით საჯარო ბაღს, არ ვხსნით კერძო ბაღსაც. ასეთი მიდგომა არასწორია. კოვიდმართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სეგმენტში კლასტერი არის ერთი და იგივე და არ ხდება ჯგუფების არევა ერთმანეთში, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ეპიდაფეთქება.
მოვუწოდებ მთავრობას, მოვუწოდებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, მოვუწოდებ ეპიდემიოლოგებს, რომ კერძო ბაღების გახსნის საკითხის განხილვისას ყურადღება გაამახვილონ სექტორზე, სექტორის სპეციფიკაზე და მოგვცენ საშუალება, რომ ჩვენც დავესწროთ გადაწყევტილების მიღებას და სწორად შეფასდეს მდგომარეობა, შექმნივ ვითარებაში კერძო ბაღების სექტორთან დაკავშირებით. ურთულ, უმძიმეს მდგომარეობამდე მივიდნენ კერძო ბაღები. ჩვენ ვცდილობთ, რომ მთავრობასთან ვიყოთ კონსტრუქციულები. თუ 1-ლი მარტიდან არ აღდგება ბაღების ფუნქციონირება, საბოლოოდ დაუმორჩილებლობის ფორმებს მივმართავთ“, - განაცხადა გიგი სისვაძემ.