ფინანსური ზარალი იმდენად კოლოსალურია, ვერ წარმოიდგენთ - 250 000 ადამიანი უმუშევარია, ბიზნესი თუ არ ამუშავდა, არ ეყოფათ გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს, - ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 10 000 კვების ობიექტიდან მხოლოდ 700-მდე მუშაობს და მათგან ღია სივრცე 10%-ს აქვს. მისივე თქმით, ყველა მათგანი, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გახსნას ვერ ახერხებს.
„ქვეყანაში გვაქვს რთული სამკუთხედი: ეკონომიკური კრიზისი, კოვიდ კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი. ამ სამკუთხედის გახსნის ერთადერთი შესაძლებლობა ეკონომიკური კრიზისის გადაწყვეტაა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის იგივე სამთავრობო გუნდია, მათ საშუალება ეძლევათ ნაბიჯები გადადგან, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა მისცენ. მგონია, უდავოა, რომ ამ ნაბიჯს გადადგამენ და არსებული შეზღუდვები ეტაპობრივად, მოკლედ დროში შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური აფეთქება გარდაუვალია. დღეს მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტების გახსნა, შემდეგია რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა, შაბათ-კვირას ფუნქციონირება და „კომენდანტის საათის“ გადაწევა. ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით კარგია, რადგან ლიკვიდაციის პირას მყოფ ბიზნესს შესაძლებლობა მიეცემა ნელ-ნელა აღდგეს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“.
რაც შეეხება საკითხს, ითხოვს თუ არა ბიზნესი ახალ პრემიერთან შეხვედრას, შოთა ბურჯანაძის თქმით, თუ ადეკვატური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს.
„ჩვენი იდეაფიქსი არასდროს არაა ვიღაცასთან შეხვედრა და თვალებში ჩახედვა. ველოდებოდით საბჭოს შეხვედრას, სადაც ჩვენი შეთავაზებები დამტკიცდებოდა. პრემიერს ალბათ, იმდენი დრო არ აქვს თითოეული ჩვენგანი გაგვიცნოს. თუ ნაბიჯები რეალობის შესაბამისად გადაიდგმება, შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა მან.