საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება იქნება.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში „ფრაქცია ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
„პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება, რომელსაც მე თქვენი ჩართულობით, ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ის მზად არის ბიზნესის სტიმულირებისთვის ნებისმიერი გადაწყვეტილების პროცესში პირადად ჩაერთოს.
„ჩვენ გვესმის, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის პანდემია, ასევე ეკონომიკა. ბიზნესს სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა და მე მაქსიმალურად მზად ვარ, რომ პირადად ჩავერიო ნებისმიერი გადაწყვეტილების პროცესში, რომელიც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას და მხარდაჭერას იმისთვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ჩვენ გვჭირდება არაორდინალური მიდგომები, მეტი კრეატიულობა, მეტი სისხარტე გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.