ჩვენმა ეკონომიკამ 2020-2021 წლებში 8.5 მილიარდი ლარი დაკარგა, ეს დანაკარგი, რა თქმა უნდა, ბიუჯეტზე აისახა,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბიზნესის და მოსახლეობის მხარდამჭერ პაკეტებზე მუშაობა გაგრძელდება.
„ჩვენ 1.3 მილიარდი ლარი უკვე მივმართეთ მოქალაქეთა მხარდაჭერაზე, რაც ამ ეტაპზე იყო შესაძლებელი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის ახალი ხედვა, რომელიც დღეს დავაანონსე, დაფარავს ასეთ საკითხებს და მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენს მომავალს. 100 დღეში კონკრეტულ ხედვას წარვადგენ. ამავე კონტექსტში მინდა შეგახსენოთ, თუ რამდენად დიდი ზიანი მიადგა ჩვენს ბიუჯეტს. ჩვენმა ეკონომიკამ 2020-2021 წლებში 8.5 მილიარდი ლარი დაკარგა, ეს დანაკარგი რა თქმა უნდა, ბიუჯეტზე აისახა. თითქმის 2 მილიარდი ლარი დააკლდა ბიუჯეტის შემოსავლებს. ამის მიუხედავად, განხორციელდა როგორც ბიზნესის, ასე მოსახლეობის მხარდამჭერი პაკეტები და ჩვენ ამ პაკეტებზე მუშაობას კიდევ უფრო დავხვეწთ და ახალ ინიციატივებს წარმოგიდგენთ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.