,,უპატრონო ბავშვთა სახლში რომ დატოვებ ბავშვს, ისეა დღეს ეკონომიკა და ბიზნესი” - ICR-ჯგუფი

ქვეყანას, დღის ბოლომდე ახალი მთავრობა ეყოლება. როგორ აფასებს ბიზნესი გარემოს, რომელშიც ღარიბაშვილის გუნდს მართვა მოუწევს, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ICR-ჯგუფი-ს დამფუძნებელმა ისაუბრა.

კახა ხაზარაძის თქმით, ბიზნესი ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს პოლიტიკაში, თუმცა დღეს ეს ზღვარი გამქრალია.

,,კრიზისების სამკუთხედს, რომელშიც ვიმყოფებით, არ იქნება ურიგო ბერმუდის სამკუთხედი რომ დავარქვათ. გასული კვირის ბოლოს, ჩვენ ათი ასოციაციის სახელით მივმართეთ მთავრობას და იმჟამინდელ პრემიერს და სანამ ჩვენი განცხადება ადრესატამდე მივიდა, გახარიამ თანამდებობა დატოვა.

ბიზნესი, ზოგადად ერიდება პოლიტიკაზე საუბარს, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არ გამოდის ამ ქვეყანაში. განსაკუთრებით ბოლო ერთმა წელმა, კოვიდის მართვისას წაშალა ზღვარი პოლიტიკასა და ეკონომიკას შორის. აქამდე იმართებოდა შეხვედრები, რომლებიც იყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ჯანდაცვის მინისტრმაც აღიარა, რომ ზაფხულში კოვიდის მართვისას იყო შეცდომები და შეცდომა იყო, რომ აჭარა არ ჩაკეტა, მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული შეცდომა, რადგან არჩევნები იყო კარებზე მომდგარი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, არ იციან, ვის ესაუბრონ და სად წაიღონ 6- პუნქტიანი გეგმა, რომელიც ყოფილ პრემიერს გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე გაუგზავნეს.

,,რაც შეეხება ახალ პრემიერს და გეგმებს. ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ მოხდება აქტიური პრივატიზაცია. ეს რომ განხორციელდეს, აუცილებელია ქვეყანაში მყიდველი არსებობდეს, ასევე იყოს ჯანსაღი ეკონომიკური გარემო და სასამართლო. საქართველოში ახლა უცხოელები კი არა, ქართველები აღარ დებენ ინვესტიციას.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფოსთან ვმსჯელობდეთ, როგორი უნდა იყოს პოსტ კოვიდიდან გამოსვლის გრძელვადიანი გეგმა, სასაცილო საკითხებზე გვიწევს შეხვედრები. გადაიწევა თუ არა კომენდანტი 1 საათით და მოგვცემენ თუ არა, შაბათ-კვირას მუშაობის უფლებას.

ბოლო წლებია, ისე იცვლებიან მინისტრები და პრემიერები, რომ დაშვებულ შეცდომებზე, პასუხისმგებლობას არავინ იღებს. მაქსიმუმი, თანამდებობის დატოვებაა. ჩვენ, ჩვენს 6-პუნქტიან გეგმაზე ბუნებრივია, გვინდა ვინმესთან ვისაუბროთ. თუმცა ისეთია ახლა პოლიტიკური დღის წერიგი, რომ ჩვენთვის არავის სცალია. უპატრონო ბავშვთა სახლში რომ დატოვებ ბავშვს, ისეა დღეს ეკონომიკა და ბიზნესი. არ ვიცით სად წავიღოთ ეს 6-პუნქტიანი გეგმა და ვის ვესაუბროთ“- განაცხადა ხაზარაძემ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი