დღეს სახელმწიფო მანქანის ძირითადი მიზანია, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ინვესტორის დახმარება- ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც ეკონომიკურმა გუნდმა საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად შემოგვთავაზა, არასაკმარისია.
„შეიძლება ყოველთვის მოვისმინოთ კარგი და ლამაზი სიტყვები, მაგრამ საქმე იმაშია, ეს რამდენად აღსრულებადია. გასაგებია, რომ საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესისთვის კარგი პირობები უნდა შევქმანთ, ამაზე არავინ იდავებს. თუმცა, ამდენი წლის განმავლობაში საკმარისი გავაკეთეთ თუ არა, რომ შეგვექმნა ეს კლიმატი და რა გვაძლევს იმის განცდას, რომ მომავალში ეს გაკეთდება?
ის, რაც ეკონომიკურმა გუნდმა საინვესტიციო გარემოს გასუმჯობესებლად შემოგვთავაზა, რა თქმა უნდა, არასაკმარისია. საქართველო მსოფლიოში გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და დაბალი გადასახადების დონით. ამიტომ, აქ გადასახადების შემცირებით, დიდ შედეგს ვერ დავინახავთ. ლაპარაკი უნდა იყოს იმ დაბრკოლების გადალახვაზე, რასაც ჰქვია, სახელმწიფო მანქანის დებიუროკრატიზაცია, ანუ ბიუროკრატიის შემცირება. ჩვენ უნდა მივცეთ მოტივაცია იმ ხალხს, ვინც სახელმწიფო მანქანაში მუშაობს, მოვიყვანოთ კვალიფიციური ხალხი, რადგან სხვანაირად, ის რაზეც არის საუბარი, მხოლოდ სიტყვების დონეზე დარჩება.
დღეს ჩვენს სახელმწიფო მანქანაში, როგორც ცენტრალურ მთავრობაში, ასევე მუნიციპალურ მთვარობებში, გვყავს ხალხი, რომელიც არა იმდენად არაკვალიფიციურია, რამდენადაც დემოტივირებული. ამ ხალხს სჭირდება შემართება. არის ძალიან დიდი ინერტულობა მთელ სისტემაში.
როდესდაც დღეს ინვესტორი მოდის, ჩვენი სახელმწიფო მანქანა ენერგიულად უნდა მუშაობდეს, სთავაზობდეს ინიციატივებს, საინვესტიციო პროექტებს, რაც დღეს არ ხდება. დღეს სახელმწიფო მანქანის ძირითადი მიზანია, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ინვესტორის დახმარება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.