სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, სწორი გაგებით, ისეთი დარგების აღდგენასა და განვითარებაში, რომლებიც სწორედ ჩვენი უგუნური პოლიტიკის შედეგად დავანგრიეთ ამ 30 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ გადახედვა დააანონსა.
„ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს შევქმენით პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც გადახედვას და მასშტაბების გაზრდას საჭიროებს. პროგრამა თითოეული ოჯახისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, სწორი გაგებით, ისეთი დარგების აღდგენასა და განვითარებაში, რომლებიც სწორედ ჩვენი უგუნური პოლიტიკის შედეგად დავანგრიეთ ამ 30 წლის განმავლობაში. ვგულისხმობ სოფლის მეურნეობას, ადგილობრივ წარმოებას და ასე შემდეგ. არ შეიძლება, მხოლოდ იმპორტირებულ საქონელზე ვიყოთ დამოკიდებული. ჩვენ შეგვწევს უნარი და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენით ვაწარმოოთ ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის და ასევე სხვა სამრეწველო პროდუქტები.
მინდა შეგახსენოთ, რომ ვიყავით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ამუშავებდა, ყველა ქვეყანას არ შეუძლია თვითმფრინავების წარმოება. მესმის, რომ ეს წარსულია, მაგრამ ესაა კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა გვქონდა, რა ვიყავით და როგორ მავნებლურად მოვექეცით, ჩვენივე ხელებით როგორ დავანგრიეთ აღნიშნული საწარმო. ასეთი მაგალითები უამრავია, ამიტომ ამ პოლიტიკას სჭირდება გადახედვა. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. გვაქვს გამონათებები, მაგრამ ეს არაა საკმარისი“,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.