იანვარში კომერციული ბანკები 113,3 მლნ ლარის მოგებაზე გავიდნენ

2021 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 113,368 მლნ ლარი შეადგინა. ეს კი თითქმის 13 მლნ ლარით მეტია წინა თვესთან და 17,3 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2020 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგება იყო 96,026 მლნ ლარი, დეკემბერში კი 100,7 მლნ ლარი.

ამასთან, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში ბანკებმა 453,052 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, ხარჯებმა კი 325 მლნ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელი კომერციული ბანკებისთვის საკმაოდ რთული იყო. მხოლოდ მარტში ბანკები 943,1 მილიონიან ზარალზე გავიდნენ. მარტის შემდეგ ბანკები ზარალზე არ გასულან. საბოლოო ჯამში, 2020 წელი კომერციულმა ბანკებმა 99,262 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.

ცნობისათვის, დღეის მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.