„ქართულ-ებრაული კულტურული დიალოგის ფურცლები“

ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ ონალაინგამოფენას - „ქართულ-ებრაული კულტურული დიალოგის ფურცლებს“ უპრეცედენტო რაოდენობის ქართველ ებრაელთა თემის გამორჩეული წარმომადგენლები ისრაელიდან და საქართველოდან დაესწრნენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 21 თებერვალს, მშობლიური ენის დღეს, სწორედ ამ კულტურული ურთიერთობის ამსახველი ხელნაწერების აქცენტირება, ალბათ ლოგიკური და ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებული იყო - ონლაინგამოფენისა და დისკუსიის მთავარი მასპინძლები მოზარდები იყვნენ, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალას საჯარო სკოლიდან.

საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო: უნიკალური ლაილაშის ბიბლიის (Xს.) ერთადერი ფაქსიმულური ასლი, თორები, მარიამ დედოფლისეული „ქართლის ცხოვრება“ (1633-1645 წწ.), „ვეფხისტყაოსანი“.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ებრაელთა თემის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები ჩაერთვნენ ონლაინგამოფენაში და მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ხელნაწერი მემკვიდრეობის უძვირფასესი ნიმუშების დახმარებით ხაზი გაესვათ ქართულ-ებრაული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ღრმა ფესვებისა და მნიშვნელობისათვის.

ონლაინგამოფენის აუდიტორია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შეიკრიბა: საქართველო, ისრაელი, თურქეთი, გერმანია, ჰოლანდია, ირლანდია და ამერიკის შეერთებული შტატები.

ebrael1-1614069199.png

ახალგაზრდებმა მოისმინეს საქართველოსა თუ ისრაელში მოღვაწე ებრაულ-ქართული კულტურული ურთიერთობების მკვლევრების, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების, მათი ებრაელი თანატოლების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეფასებები.

ონლაინგამოფენაზე მონაწილეებმა ისაუბრეს სამომავლო პროექტებზე, ფონდის პრეზიდენტის თიკა სვანიძე ვენკოს განცხადებით, ფონდი აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო პროექტებში, რომელთა მიზანი ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავება და ურთიერთანამშრომლობის შედეგად საერთო კულტურული და სამეცნიერო პროექტების განხორციელება იქნება.

არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში ძალიან მნიშნელოვანია ქართულ ებრაული მეგობრული ურთიერთობების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე გააქტიურება და ამავდროულად ძალიან სასიხარულოა, რომ ამ კუთხით მნიშნელოვანი ინიციატივების ავტორები სწორედ, რომ ონლაინ გამოფენის სტუმრები იყვნენ.

ebrael2-1614069224.jpg

ონლაინ გამოფენის საპატიო სტუმართა შორის იყვნენ: დავით ჩაჩავა - საქართველოს უფროსი კონსული ისრაელის სახელმწიფოში, მანანა დუმბაძე - ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი, იაკობ ოფირი (ეფრემაშვილი) საქართველოს ებრაელთა ისტორიის და ყოფის აღნუსხვის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის დამაარსებელი და გენ.დირექტორი ისრაელში; ელენა შენგელია - ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში ელჩის მრჩეველი და ნინო ჩანტლაძე - ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში დიასპორასთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი თანამშრომელი.

რატომ არის ჩვენთვის ესოდენ მნიშნელოვანი, მივიტანოთ ამბავი „ქართულ-ებრაული კულტურული დიალოგის ფურცლები“ სასკოლო სივრცესთან?

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჩატარდა საქართველოს განათლების სამინისტროს სასკოლო რეფორმის ახალი ეტაპის „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ბარდნალას საჯარო სკოლის ჩართულობით. შესაბამისად, ონლაინგამოფენაში აქტიურად ჩაერთო სოფელ ბარდნალას საჯარო სკოლის 50-მდე მოზარდი.

კულტურათა მრავალფეროვნების, მათი თანაცხოვრებისა და ურთიერთქმედების პალიტრა ყოველთვის ფერადი და უზადო როდია... ხშირად იჩენს თავს პრობლემები სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფთან დაკავშრებით.

საბედნიეროდ, ეს არამც და არამც არ ეხება ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს! არის ამ კავშირში რაღაც ღვთიური, საკრალური, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და აღფრთოვანებაზეა დამყარებული.

სწორედ ეს უნიკალური გამოცდილება შეიძლება იქცეს სანიმუშოდ სხვა კულტურულ, ენობრივ თუ რელიგიურ ჯგუფებთან ურთიერთობისას - აღნიშნულია ორგანიზატორების გავრცელებულ ინფორმაციაში.

ebrael3-1614069245.jpg