,,ხელისუფლება პურს ვერ აძლევს ადამიანებს და აქცენტი გადააქვს სანახაობაზე“

როგორიც არ უნდა იყოს სანახაობა, ხალხს მაინც გაახსენდება, რომ შია“ - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.

ხუხაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რამდენადაა ხელისუფლებისათვის ხელსაყრელი, სოციალური პრობლემებიდან აქცენტის პოლიტიკურ დღის წესრიგზე გადატანა.

,,ბუნებრივია, პოლიტიკური რყევები პირდაპირ მოქმედებს ეკონომიკაზე. თუმცა, ჩვენი ეკონომიკა ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. როცა ხარ მძიმედ ავად, დამატებითი მცირე ნეგატიური ფაქტორები აღარ არის ისეთი მტკივნეული. ასეთია დღეს ქართული ეკონომიკის მდგომარეობა. საინვესტიციო გარემო ისედაც ძალიან დამძიმებული იყო ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო და დამატებითი პოლიტიკური ბატალიები ეფემერულ პერსპექტივასაც კი გვიკლავს, რისი თეორიული შესაძლებლობაც შეიძლებოდა რომ ჯერ კიდევ გვქონოდა.

მეორე საკითხია ის, რომ როცა პურს ვერ აძლევ ადამიანებს, აქცენტი გადაგაქვს სანახაობაზე. ამით თითქოს უკლავ ფიზიკურ შიმშილს, მაგრამ ეს მაინც არის მოკლევადიანი და ფიზიონომია მაინც ახსენებს ადამიანს თავს, როგორიც უნდა იყოს სანახაობა. მაინც გაახსენდებათ ადამიანებს პანდემიის არასწორი მართვის მძიმე შედეგები და ის, რომ შიათ“- განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში სამართალდამცველები დღეს დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს.

თამარ მუკბანიანი