ოპტიმისტური პროგნოზები ნავთობს აძვირებს

ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ რიგი ქვეყნები პანდემიური ლოკდაუნების ეტაპობრივ მოხსნას იწყებენ, ნავთობის ბაზარი გამოაცოცხლა. ლოკდაუნის შეწყვეტა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის იმედს იძლევა, რაც თავის მხრივ, ნავთობზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს. ეს გარემოება კი მის გაძვირებაში აისახება.

გარდა ამისა, უამინდობის გამო, ტექსასში ნავთობის ბიზნესი შეფერხდა, რასაც წარმოების და მიწოდების შეწყვეტა მოჰყვა. ეს კი ბაზარზე მცირე ხნით მიწოდების დეფიციტს ქმნის და ნედლეულს აძვირებს.

„ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, ბარელზე 66.11 დოლარს მიაღწია, ამერიკული დასავლეთ ტექსასურის ფასი კი 62.38 დოლარამდე გაიზარდა.

„ვაქცინასთან დაკავშირებული ოპტიმისტური ამბები, ნავთობს აძვირებს, რადგან მობილურობის შეზღუდვის მოხსნასთან ერთად, ტრანსპორტი თანდათან ჩვეულ რიტმში ამუშავდება. ეს კი საწვავის მოხმარებას და შესაბამისად, მასზე ფასს გაზრდის“, - ამბობს UBS-ის ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსი ჯოვანი სტაუნოვო.

„კომერცბანკის“ ანალიტიკოსი ეუჯენ ვაინბერგი ამბობს, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, ნავთობზე ძალიან ოპტიმისტური პროგნოზები, რომლებსაც ამერიკელი ბროკერები იძლევიან, ფასების ზრდას იწვევს.

„გოლდმან საქსი“ მოელის, რომ „ბრენტი“-ს მარკის ბარელი ნავთობის ფასი, მეორე კვარტალში 70 დოლარს მიაღწევს. ამავე ბანკის ადრეული პროგნოზი, იმავე პერიოდში ნავთობის ფასად 60 დოლარს ვარაუდობდა. „გოლდენ საქსისვე“ პროგნოზით, ბრენტი მესამე კვარტალში 75 დოლარს მიაღწევს. წინა პროგნოზით, 65 დოლარი იყო ნავარაუდები. „მორგან სტენლის“ მესამე კვარტლის პროგნოზი უფრო მოკრძალებულია და 70 დოლარს აღწევს.

„მთელ მსოფლიოში, კოვიდ-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი სწრაფად მცირდება. მობილურობის სტატისტიკური მონაცემები ფსკერს სცილდება და გაუმჯობესებას იწყებს, ნავთობის მოპოვება და წარმოება იზრდება და უკვე იმ დონეს აღწევს, რაც პანდემიამდე იყო“, - წერს „მორგან სტენლი.

რაც შეეხება ტექსასურ უამინდობას, ის ზამთრის შტორმით იყო გამოწვეული, რამაც წარმოება შეაფერხა. გარდა ამისა, ფიქალური ნავთობის მომპოვებლები, პირველ კვარტალში მიწოდების კლებას ვარაუდობენ.

ყველაფერთან ერთად, ნავთობის გაძვირების კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორი, დოლარის გაუფასურებაა - როგორც წესი, ნავთობის ფასი, ამერიკული ვალუტის კურსის მოძრაობის საწინააღმდეგოდ იცვლება ხოლმე.