,,გვირაბში დაგვხვდა უფრო დიდი ნაპრალები, ვიდრე ველოდით“ - მოესწრება თუ არა ,,ენგურჰესის“ რეაბილიტაცია დათქმულ ვადებში

დერივაციული გვირაბის მიმდინარე რემონტის გამო „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი გამორთულია. ჰესის დირექტორის, ლევან მებონიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გვირაბი მოსალოდნელზე მეტად დაზიანებული იყო, რეაბილიტაცია დათქმულ ვადებში დასრულდება და ,,ენგურჰესი“ მუშაობას მაისის დასაწყისიდან განაახლებს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები ძირითადად ბურღვასა და ცემენტაციას გულისხმობს. ადგილები წინასწარ არის მონიშნული. ეს ჯამში, დაახლოებით 2,5 კმ-ია. ბურღვა-ცემენტაცია სწორედ ამ მონაკვეთებში ჩატარდება. ეს არის ის ადგილები, საიდანაც გვირაბიდან ყველაზე დიდი რაოდენობით წყლის გაჟონვა ხდება. ნათია თურნავაც იყო ჩამოსული რეაბილიტაციის დაწყებისას და ესწრებოდა ლამის ამოღების პროცესს. მანაც აღნიშნა, რომ გვირაბში დაგვხვდა უფრო დიდი ნაპრალები, ვიდრე ველოდით, თუმცა ჩვენ ამისათვისაც მზად ვიყავით და დარეზერვებული გვყავდა ბრიგადები. ასე რომ, რეაბილიტაციის პროცესში არ გვაქვს ჩამორჩენა და ჰესი მუშაობას დათქმულ ვადებში განაახლებს“- განაცხადა მებონიამ.

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, მაშინ როცა ენგურჰესი გაჩერებულია, საიდან იღებს ელექტრო ენერგიას ოკუპირებული აფხაზეთი.

,,აფხაზეთს არ გააჩნია ამ ეტაპზე ალტერნატივა. ისინი იღებენ რუსულ დენს, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი დაზუსტებით იხდიან ამაში საფასურს, თუ დახმარების სახით“,-განმარტა მებონიამ.

ინფორმაციისთვის, სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 30%-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს. საქართველოს ყველაზე დიდი ჰესი, ფუნქციონირებას მაისის დასაწყისში განაახლებს.

თამარ მუკბანიანი