კახა კალაძე - ძლიერმა ქარმა თბილისში გუშინ სახლებს სახურავები გადახადა, იყო ხის წაქცევის შემთხვევები, რამდენიმე ლოკაციაზე კედლები ჩამოიშალა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ, ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში სახლებს სახურავები გადახადა, ავარიულ სახლებში დაფიქსირდა კედლის ჩამოშლის შემთხვევები, ასევე იყო ხის წაქცევის ფაქტებიც. მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შესაბამის სამსახურებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და დაავალა, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები გაგრძელდეს.

„გუშინ, ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ძირითადად ეს იყო საბურთალო, გლდანი, ნაძალადევი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. პრობლემები იყო იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ ლოკაციებზე სახლებს სახურავები გადახადა, იყო ხის წაქცევის ძალიან ბევრი შემთხვევა. ასევე, რამდენიმე ლოკაციაზე კედლის ჩამოშლის შემთხვევები იყო ავარიულ სახლებში, სადაც არავინ ცხოვრობს. მინდა მადლობა გადავუხადო „ეკოსერვის“ ჯგუფს, ათივე რაიონის გამგეობას, მუნიციპალურ ინსპექციას, ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოწესრიგებულიყო. მინდა ასევე გთხოვოთ, ის დარჩენილი პრობლემები, რაც არის მოსაგვარებელი, ყველაფერი დროულად მოწესრიგდეს, რომ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა კალაძემ.