კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირისა და ჯანაშიას ქუჩის კვეთაზე მდებარე ფერადი პანოს რეაბილიტაცია მოხდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირისა და ჯანაშიას ქუჩის კვეთაზე მდებარე ფერადი პანოს რეაბილიტაცია მოხდება.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვერის საინიციატივო ჯგუფს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მელიქიშვილის გამზირისა და ჯანაშიას ქუჩის კვეთაზე მდებარე დიდი ფერადი პანო, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსიდან ამონარიდია გამოსახული, 70-იანი წლებიდან ამშვენებდა ქალაქს. თითქმის ნახევარი საუკუნის ეს ნამუშევარი დროთა განმავლობაში დაზიანდა. განსაკუთრებული გულისტკივილით მოგვმართა ვერის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმაც და გამოთქვეს შეძლებისდაგვარად ჩართულობის მზაობა პანოს რეაბილიტაციის პროცესში, მინდა მათ ქალაქზე ზრუნვისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენი მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს, რადგან გარდა კულტურული ღირებულებისა, ილია ჭავჭავაძის ამ ლექსით გადმოცემული იდეა ქართული სახელმწიფოს, ქართული იდენტობის მთავარი განმსაზღვრელია. ძალიან მალე ეს ყველაფერი მოწესრიგებული და განახლებული იქნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.