თბილისის მერია ელექტრომობილებისთვის დამტენების ქალაქში დასაყენებლად პროექტის მომზადებას იწყებს

თბილისის მერია ელექტრომობილებისთვის დამტენების ქალაქში დასაყენებლად პროექტის მომზადებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კომპანიას, რომელსაც დედაქალაქში დამტენები უნდა დაემონტაჟებინა პანდემიის გამო პრობლემები შეექმნა და დღეს თბილისის მასშტაბით 60-ის ნაცვლად მხოლოდ 30 დამტენია დამონტაჟებული.

„თქვენ იცით, რომ დაახლოებით, 2 წლის წინ მთელი ქალაქის მასშტაბით დავიწყეთ ელექტროდამტენების დაყენება იმ კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც იყო მოთხოვნები. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ წავახალისოთ ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოში და მისასალმებელია, რაც მეტი ელექტრომობილი იქნება თბილისში. მოვამზადეთ პროექტი ისე, რომ შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, რომელსაც 60 ელექტროდამტენი უნდა დაეყენებინა ქალაქის მასშტაბით. ეს არ იყო სრული პაკეტი, არ იქნებოდა საკმარისი, მაგრამ პირველ ეტაპზე წახალისება რომ მომხდარიყო, ეს მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, არსებული პანდემიიდან გამომდინარე, მხოლოდ 30 დამტენის დაყენება მოხერხდა სხვადასხვა უბნებში და ლოკაციებზე. ეს არ არის საკმარისი. ამ კომპანიას გარკვეული პრობლემები შეექმნა პანდემიიდან გამომდინარე, მესმის, ამიტომ მინდა ვიცე-მერს მინდა დავავალო მოამზადოს კანონპროექტი, რომ მუნიციპალიტეტმა დააყენოს ელექტროდამტენები მთელი ქალაქის მასშტაბით, განისაზღვროს რაოდენობა. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ფლობს ელექტრომობილებს, გააკეთოთ განაცხადი მუნიცაპლიტეტში და თქვენ საცხოვრებელ სახლებთან, სადაც შესაძლებელი იქნება განვათავსებთ ელექტროდამტენებს. რაც შეიძლება სწრაფად მოვამზადოთ პროექტი და შესაძლებელია შემდგომ ამ პროექტის გაყიდვა, მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, - განაცხადა კალაძემ.