ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ახალ კორპუსებში დენითა და გაზით მომარაგება ვეღარ მოხდება - სწორედ ამას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც თბილისის მერიამ მოამზადა.
როგორც დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მერიამ საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა, რომელიც სამშენებლო ამნისტიას შეეხება და გარკვეულ დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.
„საკანონდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება, მის ექსპლუატაციაში მიღებამდე.
ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს შენობა-ნაგებობის სამშენებლო ნებართვასთან და პროექტთან შესაბამისობის დადგენას. დღეს არსებული საკანონდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.
იმისთვის, რომ შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მშენებლობა სამშენებლო ნორმების და მშენებლობის ნებართვის შესაბამისად და შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.
გვაქვს ასეთი რეალობა: სრულდება მშენებლობა ისე, რომ მშენებელი ექსპლუატაციაში მიღების გარეშეც ახერხებს რეალიზაციას და აღარავის არ აქვს ინტერესი, შენობა ექსპლუატაციაში შევიდეს. მშენებელი იღებს თავის შემოსავალს და ტოვებს ობიექტს. არ აინტერესებს კორპუსი შევა თუ არა ექსპლუატაციაში, შემდეგ იქ მცხოვრები ადამიანები დარბიან, რომ ეს საცხოვრებელი სწრაფად შევიდეს ექსპლუატაციაში“, -აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.