ადვოკატის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებული „თრეველ ჯის" დირექტორი თავს დამნაშავედ არ ცნობს

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებული „თრეველ ჯის" დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დაკავებულის ადვოკატმა სამშე მჟავანაძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინეს და საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ ისაუბრებს დეტალურად, რაც საქმის მასალებს გაეცნობა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა, შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი გადარჩა. გადარჩენილებს შორის არის მედეა დევსურაშვილის და, ხატია დევსურაშვილი.