"ხშირად მახსენდება ერთი ეპიზოდი ჩემი ბავშვობიდან - 1976 წელს ბებიამ და ბაბუამ პირველად წამიყვანეს მოსკოვში ტექნოლოგიების გამოფენაზე. ერთ-ერთ პავილიონში ნორჩ ტექნიკოსთა ნამუშევრები იყო და იქ ვნახე პატარა ველოსიპედის ნაწილებით აწყობილი მოტოციკლი. მახსოვს, დავჯექი და ძალიან ბედნიერი ვიყავი... შემდეგ მიმიყვანეს ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში ნოდარ ინჯიასთან, ჩემს მასწავლებელთან. ასე დაიწყო ყველაფერი..." - მიამბობს ზვიად ციკოლია, სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერი, ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება დიზაინის ოსკარად წოდებული "რედ დოთის" ჯილდო; პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორის, "დიდგორის", დიზაინი; პირველი საათი ქართული გვარით, რომელსაც შვეიცარია აწარმოებს და საქართველოში აწყობილი პირველი საათი "მარინა", რომელიც დიზაინერმა მეუღლეს მიუძღვნა. ზვიად ციკოლია პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე "კვირის პალიტრას" ესაუბრება.
- ერთხელ თქვით, ყველა ბავშვობის ნატვრა ამიხდაო...
- კი არ ამიხდა, ავისრულე...
- როდის აისრულეთ პირველი ოცნება?
- რთულია გასახსენებლად... დაგეგმილი არ მაქვს, რომ ვთქვათ, ხუთი ოცნება უნდა ავისრულო. ახალ-ახალი იდეები სულ მოდის. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემი მანქანა გავაკეთო საქართველოში და ესეც ჩემს ოცნებებს დავამატე... ყველა ზრდასრული ადამიანი თავისი ბავშვობის ანარეკლია და ეს განსაზღვრავს მის წარმატებასა თუ წარუმატებლობას. ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. გაგიკვირდებათ, მაგრამ საკუთარი თავი აკვნიდან მახსოვს. აკვანში ქართლის სოფელ შერთულში მაწვენდნენ ხოლმე. მახსოვს, თავზე რომ დამადგებოდნენ მშობლები და მარწევდნენ... ხშირად მახსენდება ღრმა ბავშვობის დროინდელი რამდენიმე სიზმარიც.
- გჯერათ სიზმრების?
- მჯერა და მიხდება კიდეც. საკმარისია, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი დამესიზმროს, განსაკუთრებით - პუტინი, რომ ვიცი, ის დღე კონფლიქტური მექნება.
მარინა დამესიზმრა ბავშვობაში - ჩემს ქუჩაზე მოდიოდა ჩემზე უფროსი გოგო. ის ადგილიც ზუსტად მახსოვს - მაშინ გლდანის ქუჩა ერქვა, ახლა ქურდიანის ქუჩაა. ქუჩას მოუყვებოდა გოგონა მწვანე თვალებით და ეს იყო მარინა.
- რომ გაიცანით, ალბათ, სიზმარიც გაგახსენდათ...
- დიახ, ზუსტად ის გოგონა იყო, რომელიც დამესიზმრა.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- Veni, Vidi, Vici - აი, ზუსტად ასე იყო. "ეარ ჯორჯიაში" შევხვდით ერთმანეთს და მომეწონა, თუმცა ვიფიქრე, ამას ახლა რა შეაბამს, ალბათ, გარეთ ხუთი "მერსედესი" ელოდება-მეთქი, მაგრამ მაინც შეუპოვრობა გამოვიჩინე - ასეთი ვარ, თუ რაღაც ჩავიფიქრე, შანსს ხელიდან არ გავუშვებ. მიუხედავად იმისა, რომ მარინას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თანაც შეძლებული, მისი გული მაინც მე მოვიგე.
- საათი "მარინა" როგორ შეიქმნა?
- ეს არის ჩემი პირველი დაივერი საათი. მუშაობის პროცესში, როდესაც ციფერბლატზე წარწერა უნდა გამეკეთებინა, მივუტრიალდი მარინას და ვუთხარი, ამ საათს "მარინა" უნდა დავარქვა-მეთქი. ძალიან თბილად მაკოცა... ეს ჩვენი საყვარელი ფერებია. ჩემი და მარინას გემოვნება 99,9%-ით ემთხვევა.
- ადრე თქვით, ჩემი საათი ჯერ ადამიანის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, ესთეტიკურ მხარეზე მერე ვფიქრობო...
- დიახ, "მარინაც" ასე შევქმენი. სულ მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა, რაც მარინასთან იქნებოდა დაკავშირებული. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი დაივერის საათზე. ის 200 მეტრ სიღრმემდე წყალგამძლეა. ეს არის პირველი საათი, რომელიც საქართველოში აეწყო. მექანიზმი იაპონური აქვს და შვეიცარიულ მექანიზმზე ნაკლები კი არა, შეიძლება მეტიც იყოს. გამორჩეულია სიზუსტითა და მექანიზმით. ხარისხს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს...
ვცხოვრობ დღევანდელი დღით და ვარ რეალისტი. მქონია მომენტები, როცა მომავლის მოლოდინში აწმყო დამიკარგავს და იგივე შეცდომები რომ არ გავიმეორო, ვცდილობ, აწმყოთი ვიცხოვრო, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება, ვის რა ელის. დღეს შევქმენი საათი "მარინა", ხვალ თუ მექნება საშუალება, კოსმოსური ხომალდი შევქმნა, შევქმნი და იმასაც "მარინას" დავარქმევ. ჩემს ცხოვრებაში რაღაცები თავისით ეწყობა, "ტეტრისივით" არის. "ტეტრისი" ჩემი საყვარელი თამაშია - ყველაფერი ისე ზუსტად უნდა დაალაგო, როგორც ცხოვრებაში, ისე უნდა ააწყო, რომ საათის მექანიზმივით მუშაობდეს... ჩემი კომპანია წარმატებული მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ მეგრული გვარი აქვს, ან ქართული ლოგო - მენეჯმენტია გამართული, მიდგომა - სხვანაირად დანახული და ეს ბევრ კომპანიას შეშურდება. ჩემს თანამშრომლებს სამსახურში მოსვლა უხარიათ.
- რა არის თქვენს მენეჯმენტსა და მიდგომებში განსხვავებული?
- ეს არის ზვიად ციკოლიას მოდელი და ასეთი ცოტა მეგულება. ჩემთან მუშაობენ პროფესიონალები, ჩემი კომპანია წარმატებულია იმიტომ, რომ მაგარი გუნდის შეკვრა მოვახერხე.
- ასეთი გუნდი რომ არ გყავდეთ, მაგრამ იმავე პროდუქციას უშვებდეთ, ციკოლია წარმატებული არ იქნებოდა?
- გუნდი რომ არ მყავდეს, კომპანია ვერ გაიზრდებოდა და ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. ყველაფერს მე ვერ მოვერეოდი. დიზაინი, უცხოელებთან კომუნიკაცია, ტექნიკური დეტალების შეთანხმება, ლოგისტიკა, საბაჟო, ბუღალტერია, კლიენტებთან ურთიერთობა - ამ ყველაფერს მხოლოდ მე როგორ შევძლებდი?! ჩვენი კომპანიისთვის მთავარი კლიენტებთან ურთიერთობაა. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ერთგული მომხმარებლები. ბევრი კომპანიისთვის მთავარია ფული, ჩვენ ასე არ ვართ! ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ საათს, ან სამკაულს, ან სუვენირს.
ყველაფერში, რასაც ვაკეთებ, ჩემი გულის ნაწილია ჩადებული, რადგან ვაკეთებ იმას, რაზეც ვფიქრობ და რაც სიამოვნებას მანიჭებს... თქვენ რომ ახლა ჩემი საათი გამშვენებთ, ჩათვალეთ, რომ ჩემი გულის ნაწილი გიკეთიათ. მე არ ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც კომერციულად მომგებიანია. ყოფილა წამგებიანი პროექტებიც, მაგრამ მაინც გამიკეთებია, რადგან მსიამოვნებს და მიხარია... ჩემთვის წინაღობა არასდროს არის ის, რომ საზოგადოება ამ ეტაპზე რაღაც სიახლეს შეჩვეული არ არის.
- მგონი, ამას უკვე შეაჩვიეთ საზოგადოება...
- პირდაპირ გეტყვით - ის კრიტიკული დამოკიდებულება, რაც თავდაპირველად ამ ბრენდის მიმართ იყო - მაგალითად, ცოტა შოვინისტური კომენტარები: "მეგრელები ისედაც ბევრნი ხართ და ახლა კიდევ ხელზე გატაროთ?", "ეგ საათი იტყუება!" და ა.შ. - დროთა განმავლობაში გახუნდა და ჩვენი ბრენდი საამაყო გახდა, რადგან ქართული სულის მატარებელია! მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვართ ლუქს-კატეგორიაში, მაინც გვექნება ძალიან მაღალი საფასო სეგმენტი და ეს, იცით, როდის მოხდება? საქართველოში რომ დავიწყებ საათების გამოშვებას! ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული საათები, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული. ხომ იცით, თუ თავში ჩავიდე, ამას აუცილებლად გავაკეთებ! იხილეთ სრულად