„მსოფლიო ბანკის“ ახალი ანგარიშის თანახმად, ქვეყნები გენდერული თანასწორობის ზრდისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ქალები მსოფლიოს მასშტაბით კვლავ აწყდებიან კანონებით და რეგულაციებით განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ზღუდავენ მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ამის შესახებ ინფორმაციას „მსოფლიოს ბანკი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, COVID-19-ის პანდემიაც ახალ გამოწვევას უქმნის ქალთა ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას.
როგორც „მსოფლიო ბანკის“ ანგარიში - „ქალები, ბიზნესი და კანონი 2021“ მიუთითებს, ქალთა ეკონომიკური ჩართულობის წინაშე არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად გატარებული რეფორმები ნელი და არათანაბარი აღმოჩნდა ბევრ რეგიონში.
ანგარიშის თანახმად, საშუალოდ, ქალებს ეკუთვნით მამაკაცებისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი უფლებების მხოლოდ სამი მეოთხედი.
„ქალები პანდემიამდეც არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახელმწიფოების ინიციატივები COVID-19-ის ზოგიერთი ზემოქმედების მიმართ ბუფერის შექმნის თვალსაზრისით, ინოვაციურობის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში შეზღუდული იყო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
“ქალები სრულად უნდა იყვნენ ჩართულნი ეკონომიკაში იმისათვის, რომ უკეთესი შედეგები იქნეს მიღწეული განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა „მსოფლიო ბანკის“ ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.
მისივე თქმით, “ბევრ ქვეყანაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ზოგიერთ სახელმწიფოში აღინიშნება პრობლემური უკუსვლა, მათ შორისაა ქალებისთვის მგზავრობის შეზღუდვა მამაკაცი მეურვის ნებართვის გარეშე. ამ პანდემიამ გაამწვავა არსებული უთანასწორობა, რომელიც არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს გოგონებსა და ქალებს სკოლასთან წვდომისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების ჩათვლით. ქალები ასევე დგანან გაზრდილი ოჯახური ძალადობის და ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პრობლემების წინაშე. ქალებს უნდა ჰქონდეთ იგივე წვდომა ფინანსებზე და მემკვიდრეობის უფლებებზე, როგორც მამაკაცებს და უნდა იყვნენ ჩვენი ყურადღების ცენტრში COVID-19 -ის პანდემიისგან ინკლუზიური და მდგრადი აღდგენის პროცესში.“
„მსოფლიო ბანკის“ ცნობით, „ქალები, ბიზნესი და კანონი 2021“ აფასებს კანონებს და რეგულაციებს 8 სფეროში, რომლებიც გავლენას ახდენს ქალთა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე 190 ქვეყანაში და მოიცავს 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის ოქტომბრამდე პერიოდს.
„მონაცემები გვთავაზობს გენდერული თანასწორობის მიმართულებით გლობალური პროგრესის ობიექტურ და გაზომვად საბაზისო მაჩვენებლებს, დაწყებული საზოგადოებრივი მოძრაობის საფუძვლებიდან მუშაობის, ბავშვის მოვლის და პენსიაზე გასვლის გამოწვევებამდე. ანგარიში ასევე განიხილავს პანდემიის დაწყების შემდეგ მთავრობების საპასუხო ღონისძიებებს COVID-19-ის კრიზისის მიმართ და თუ რა გავლენა იქონია მან ქალებზე სამსახურში და სახლში, ბავშვის მოვლის, მართლმსაჯულებასთან წვდომის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მთლიანობაში ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ბევრმა სახელმწიფომ გამოიყენა საპასუხო ღონისძიებები დასაქმებულ ქალებზე პანდემიის ზოგიერთი ზემოქმედების მიმართ. მაგალითად, ანგარიშში გამოკვლეული ქვეყნების მეოთხედზე ნაკლებში პანდემიამდე სამართლებრივად უზრუნველყოფილი იყო დასაქმებული მშობლებისთვის ბავშვის მოსავლელად თავისუფალი დროის გამოყოფა. მას შემდეგ სკოლების დახურვის ფონზე მსოფლიოს დაახლოებით 40 ქვეყანაში შემოღებულ იქნა შვებულების ან სარგებლის პოლიტიკა ბავშვის მოვლაში მშობლების დასახმარებლად. მაგრამ, აღნიშნულის მიუხედავად, ეს ღონისძიებები არასაკმარისია იმ გამოწვევებზე ან ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ კრიზისზე რეაგირებისთვის, რომლის წინაშეც ბევრი დასაქმებული დედა უკვე დგას.
პანდემიამ ასევე შეუწყო ხელი გენდერული ძალადობის სიმწვავის და სიხშირის ზრდას. წინასწარი კვლევა მიუთითებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მთავრობებმა დაახლოებით 120 ახალი ღონისძიება დანერგეს ცხელი ხაზების, ფსიქოლოგიური დახმარების და თავშესაფრის სახით ძალადობისგან ქალთა დასაცავად. ზოგიერთმა სახელმწიფომ ასევე გადადგა ნაბიჯები მართლმსაჯულებასთან წვდომის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საქმეების გადაუდებლად მიჩნევით „ლოკდაუნის“ დროს და დისტანციური სასამართლო პროცესის დაშვებით. თუმცა, სახელმწიფოებს კვლავაც შეუძლიათ გარკვეული მექანიზმების და პოლიტიკის ამოქმედება ასეთი ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე რეაგირებისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
“მიუხედავად იმისა, რომ აღსანიშნავია ბევრი ქვეყნის პროაქტიური მოქმედება პანდემიის პირობებში ქალთა მხარდასაჭერად, ცხადია, რომ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ბავშვთა მოვლის მიზნით შვებულების და თანასწორი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიმართულებით. ქვეყნებმა უნდა შექმნან სამართლებრივი გარემო, რომელიც აამაღლებს ქალთა ეკონომიკურ ჩართულობას, რომ მათ შეძლონ საუკეთესო არჩევანის გაკეთება თავისთვის და თავიანთი ოჯახებისთვის“, - განაცხადა „მსოფლიო ბანკის“ განვითარების პოლიტიკის და პარტნიორობის მიმართულების მმართველმა დირექტორმა მარი პანგესტუმ.
ანგარიშის თანახმად, 27 -მა ქვეყანამ პანდემიის მიუხედავად, ყველა რეგიონსა და შემოსავლის ჯგუფში აამოქმედა რეფორმები ყველა სფეროში და გაზარდა სანიმუშო პრაქტიკის გამოყენება კანონმდებლობაში წლის განმავლობაში 45 შემთხვევაში.
„რეფორმების უდიდესი რაოდენობა უკავშირდება ანაზღაურების და ბავშვის მოვლის შესახებ კანონების შემოღებას ან ცვლილებას. თუმცა, ბავშვის მოვლა ასევე ის სფეროა, სადაც გლობალურად კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს გულისხმობს ბავშვის მოვლის მიზნით აღებულ ანაზღაურებად შვებულებას, იმის მიუხედავად მთავრობას დაწესებული აქვს თუ არა სარგებელი ამ მიმართულებით და აკრძალულია თუ არა ფეხმძიმე ქალის სამსახურიდან გათავისუფლება. რეფორმები ასევე საჭიროა ქალებისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სამუშაო ადგილების, დავალებების და სამუშაო საათების თვალსაზრისით, რის გამოც ქალებს დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები უკავიათ. და 100 ქვეყნის კანონმდებლობით სავალდებულო არ არის, რომ ქალები და მამაკაცები იგივე ანაზღაურებას იღებდნენ ერთნაირი ღირებულების მქონე სამუშაოსთვის.
გენდერული თანასწორობის სამართლებრივი მიღწევა სხვა ღონისძიებებთან ერთად მოითხოვს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეთანხმებულ მოქმედებას. მაგრამ სამართლებრივი და მარეგულირებელი რეფორმები შეიძლება ასრულებდეს მნიშვნელოვანი კატალიზატორის როლს ქალთა, ისევე როგორც მათი ოჯახების და საზოგადოების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ანგარიშის - „ქალები, ბიზნესი და კანონი 2021“ მიერ შეფასებულ სფეროებში ეფექტიანობის ამაღლება უკავშირდება გენდერული უთანასწორობის შემცირებას განვითარების შედეგების მიმართულებით, ქალების ჩართულობის ზრდას შრომით რესურსებში, ნაკლებად მოწყვლად დასაქმებას და ქალთა გაცილებით ფართო მონაწილეობას ეროვნულ პარლამენტებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.